ჩეჩენი ქალის სავარაუდო გატაცების საქმე – უფლებადამცველები ქართული მხარის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ

14.11.25 12:01
ჩეჩენი ქალის სავარაუდო გატაცების საქმე – უფლებადამცველები ქართული მხარის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ

ჩეჩენის ქალის გატაცების საქმე – უფლებადამცველები საქართველოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ. იურისტი გოგა ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ მთავარი კითხვაა – იცოდა თუ არა საქართველომ, რომ ქალი სერიოზულ საფრთხეში იყო და სახელმწიფოს მხრიდან დაცვა და დახმარება სჭირდებოდა.

იურისტის შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქე ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოებას მკაფიოდ არეგულირებს, მათთვის დროებითი ბინადრობის გაცემას ითვალისწინებს და კრძალავს მათ დაბრუნებას ისეთ ქვეყანაში, სადაც სიცოცხლესა და უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. უფლებადამცველი მიუთითებს, რომ სახელმწიფოს ევალება გარემოებების გათვალისწინება და დაცვის მექანიზმების დროული ამოქმედება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოძალადეები მსხვერპლის საქართველოში მოტყუებით ან ზეწოლით დაბრუნებას ცდილობენ. 

პირველ რიგში საკითხავია, საქართველოს სამართალდამცავი სისტემა რამდენად იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ამ გოგოს ემუქრებოდა საფრთხე და ის ექვემდებარებოდა ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობას და გარკვეული სახის ზეწოლას. საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მექანიზმებს აწესრიგებს, მიუთითბს იმაზე, რომ თუ ძალადობის მსხვერპლი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი და ის იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, მის მიმართ გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვა. ასევე, ასეთი მსხვერპლი არ შეიძლება, იყოს დაბრუნებული უცხო ქვეყანაში თუ არსებობს ვარაუდი, რომ იქ დაბრუნების შემთხვევაში მისი უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი და რა თქმა უნდა, სახელმწიფო ევალება, რომ იზრუნოს ასეთ მსხვერპლებზე, რომლებიც ძალადობას გამოექცნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები შემოდიან საქართველოში, ეს საფრთხეები მაინც არსებობს ხოლმე, იმიტომ, რომ მოძალადეები ცდილობენ, რომ ეს ადამიანები მოტყუებით, ზეწოლით გაიყვანონ ისევ ქვეყნიდან ან თავად ჩამოვიდნენ ხოლმე სახელმწიფოში და თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში მოიყვანონ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველო მზდ უნდა იყოს იმისთვის, რომ ერთი მხრივ შეძლოს ასეთი შემთხვევების გამოლენა და მეორეს მხრივ, გამოიყენოს დაცვისა და დახმარების მექანიზმები, - ამბობს უფლებამდაცველი გოგა ხატიაშვილი.  

ჩეჩნეთიდან გაქცეული 33 წლის ალია ოზდამიროვა საქართველოში ყოფნის შემდეგ მოტყუებით ან იძულებით რუსეთში დააბრუნეს და, SK SOS-ის ცნობით, სავარაუდოდ მოკლეს. ქალი 12 ნოემბერს გუდერმესში დაკრძალეს.

ოზდამიროვა ჩეჩნეთიდან გამოექცა ოჯახის მხრიდან ზეწოლას, ფიზიკურ ძალადობასა და სექსუალური ორიენტაციის გამო მუქარას. მოგვიანებით გაირკვა, რომ მის მიმართ აგრესია ბიზნესთან დაკავშირებულ ბრალდებებსაც უკავშირდებოდა.

9 ნოემბერს ქალი საქართველოდან ბიძის დახმარებით გაიყვანეს, რომელიც მას „საზღვრის პრობლემის მოგვარებასა“ და ტერორიზმის ბრალდების ხელოვნურად შეთითხნილი საქმით აშინებდა. გადაყვანიდან რამდენიმე საათში გავრცელდა ინფორმაცია მისი სიკვდილის შესახებ.

SK SOS და ადამიანის უფლებათა დამცველები ვარაუდობენ, რომ ქალი შესაძლოა „ღირსების მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა.

 

მსგავსი სიახლეები