"ყინწვისი, გელათი, ცაიში, შემოქმედი, ფაქტობრივად ფრესკები ცვივა, სვეტიცხოველში ფრესკები თეთრდება" - თეა ონიანი
სვეტიცხოვლის ტაძარში ჩატარებულმა გადაუდებელმა პრევენციულმა სამუშაოებმა ცხადყო, რომ ძეგლს მრავალი სერიოზული დაზიანება აქვს და მას კომპლექსური სარეაბილიტაციო ჩარევა სჭირდება - ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თეა ონიანმა პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ონიანის განმარტებით, პირველი ეტაპის გადაუდებელმა სამუშაოებმა წყლის ინფილტრაციის უშუალო საფრთხე მოხსნა, თუმცა ასევე აჩვენა, რომ ტაძრის როგორც ქვის კონსერვაციას, ისე გადახურვას „აუცილებლად“ ესაჭიროება ყურადღება.
ონიანი დეტალურად აღწერს ჩატარებულ სამუშაოებს და იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც გამოიყენეს.
„ჩვენ ვგეგმავთ სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის პირველი გამოწვევა იყო სვეტიცხოველი… უკვე ამ გადაუდებელმა პრევენციულმა სამუშაოებმა გვიჩვენა ის, რომ სვეტიცხოვლის ტაძარს უჭირს, უჭირს ძალიან ბევრგან… უნდა მივხედოთ მხოლოდ მულტიდისციპლინური კვლევების შედეგად შემუშავებული დოკუმენტაციის საფუძველზე, - თქვა ონიანმა.
მისი თქმით, მზადდება როგორც სრული, ისე დროებითი გადახურვის პროექტი, რათა წყლის ახალი ინფილტრაციის საფრთხე ნებისმიერ მომენტში თავიდან იქნას აცილებული. ონიანის განმარტებით, ხუთ დღეში შესაძლებელია დროებითი მსუბუქი გადახურვის მოწყობა იმ ზონაზე, სადაც მცირე რისკიც კი დაფიქსირდება.
აღინიშნა, რომ ტაძრისთვის უკვე მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევების ეტაპიც. გეგმა ჯვრის მონასტერსაც მოიცავს.
ონიანის განცხადებით, სააგენტო ჯვრის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასაც გეგმავს - პირველ ეტაპზე ინტერიერის ქვის კონსერვაციით. მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო ექსპერტებთან, რომლებიც მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან თანამშრომლობენ.
„სწორედ მათი მითითებებით დაიგეგმება უკვე ფიზიკური სამუშაოების დაწყება ჯვრის მონასტერში… ორივე პროექტი შეთანხმებულია მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და გათვალისწინებულია ყველა რეკომენდაცია,“ — აღნიშნა ის.