ძეგლები იმის გამო ფუჭდება, რომ ან სახურავია არასწორად მოწყობილი ან მასალაა არასწორი - თეა ონიანი

14.11.25 15:34
ძეგლები იმის გამო ფუჭდება, რომ ან სახურავია არასწორად მოწყობილი ან მასალაა არასწორი - თეა ონიანი

ჩვენს ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ ფაქტობრივად ყველა ისეთ ძეგლს, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი გასაჭირი აქვს, - ეს განცხადება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თეა ონიანმა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, საუბარია ისეთ ძეგლებზე, როგორიცაა, სვეტიცხოველი, ბაგრატი, ნიკორწმინდა, ფიტარეთი, ყინწვისი, შემოქმედი, ცაიში, წალენჯიხა, ატენის სიონი და სხვა.

ონიანისვე თქმით, გამოწვეული პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი წინა წლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარვეზით ჩატარებაა.

„ძეგლები იმის გამო ფუჭდება, რომ ან სახურავი არის არასწორად მოწყობილი ან მასალა არასწორად არის შერჩეული. ამ ყველაფერს ხანგრძლივი, სკრუპულოზური კვლევა სჭირდება. ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა, რომ ასეთი ტიპის - გამორჩეულ, პირველი კატეგორიის ძეგლებს მივხედოთ.

საკმაოდ დიდი პრობლემაა ატენის სიონზე, პროექტი რაც მომზადებული დამხვდა, არის ატენის სიონზე სპილენძის გადახურვის მოწყობა. თუმცა ეს პროექტი ბოლომდე ვერ პასუხებს პრობლემებს, რაც დღეს ტაძარს აქვს. ატენის სიონს აქვს განსაკუთრებული გადახურვა, სადაც გადახურვის მოწყობა ძალიან სკრუპულოზურ მიდგომას მოითხოვს.

ამიტომ ვფიქრობ, რომ პრობლემების გადაწყვეტაში უცხოელი ექსპერტები ჩავრთოთ, რომელიც ქართველ სპეციალისტებთან ერთად საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე პრობლემებს დაამუშავებენ, არსებულ პროექტებს განიხილავენ და მიგვითითებენ არის თუ არა საჭირო ახალი პროექტების მომზადება, რა ხარვეზებია პროექტებში. ძეგლებზე სარეაბილიტაციო პროექტები ამის შემდეგ განხორციელდება“, - განაცხადა თეა ონიანმა.

მსგავსი სიახლეები