ფულის ამოღება, თუ უსაფრთხოება? - საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს.
საგზაო წესების დარღვევების შემთხვევაში ჯარიმები ფაქტობრივად ორმაგდება, ამასთან სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს მართვის მოწმობისთვის განკუთვნილი ქულებიც ჩამოაკლდებათ.
მაგალითად, არასწორი მანევრირებისთვის ჯარიმა 100 ლარამდე იზრდება და დარღვევაზე მართვის მოწმობაზე 20 ქულა ჩამოაკლდება მძღოლს. 100 არამდე იზრდება სიჩქარის გადაჭარბებისთვის განკუთვნილი ჯარიმაც. უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის მძღოლი და მის გვერდით მჯდომი 50 ლარით დაჯარიმდებიან. 50-ლარიანი ხდება საჭესთან ტელეფონის გამოყენება და არასწორი პარკირებაც, თუმცა თუ სატრანსპორტო საშუალებას ტროტუარზე, ან ზებრაზე გააჩერებთ ჯარიმა 100 ლარი იქნება და მერიის თანამშრომლებს უფლება ექნებათ მანქანა საჯარიმო სადგურზე გადაიყვანონ.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი დავით მჟავანაძე აცხადებს, რომ ჯარიმების გაზრდა სატრანსპორტო შემთხვევებს ვერ შეამცირებს და შეტანილი ცვლილებების მთავარი მიზანი "მოქალაქეების ჯიბიდან დამატებითი თანხის ამოღებაა".
წინა წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ გაზრდილმა სატრანსპორტო ჯარიმებმა ვერ შეამცირა შემთხვევათა რაოდენობა. მაგალითად, თუ 2023 წელს იყო 54 000 ასეთი შემთხვევა, 2024 წელს იყო 60 000 მსგავსი შემთხვევა, ანუ ჯარიმები ამ მხრივ არ მუშაობს. გარდა ამისა ის უნდა ვიცოდეთ, რომ შემთხვევების დიდ რაოდენობას იწვევს ცუდი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში არის და მეორეს მხრივ დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც განსაკუთრებით "ქართული ოცნების" წევრებს და მხარდამჭერებს ახასიათებთ.
მთავარი მიზანი არის ბიუჯეტში გადასახადების აკრეფა და მეტი თანხის შესვლა. თუ 2024 წელს ბიუჯეტში შევიდა 170 მილიონი ლარი სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, 2025 წლის [პირველ] 9 თვეში უკვე 188 მილიონი შევიდა, რაც ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე, თითქმის, 250 მილიონს მიაღწევს ეს რაოდენობა, ხოლო ახლა რომ აორმაგებენ ამ რაოდენობებს, ეს ნიშნავს, რომ შემდეგი წლისთვის მათ უნდათ თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი ამოიღონ მოქალაქეების ჯიბიდან," - თქვა დავით მჟავანაძემ.
ქართველი ავტომრბოლელი, მევლუდ მელაძე ამბობ, რომ ჯარიმები იქნება შემოსავლიანი, მაგრამ ვერ იქნება ეფექტური საგზაო უსაფრთხოებისთვის.
ძალიან მარტივად ვიტყვი, ქვეყანაში სადაც პარკირების ადგილები მცირდება და მცირდება, მითუმეტეს ჩვენ დედაქალაქში და თუ პარკირებაზე გააორმაგებ ჯარიმას, რა თქმა უნდა ესეთი ჯარიმები იქნება შემოსავლიანი, მაგრამ ვერ იქნება ეფექტური საგზაო უსაფრთხოებისთვის.
ქულათა სისტემა რომ იყოს ისე, როგორც არის საერთაშორისო პრაქტიკაში, ანუ ქულა ერთი წლის განმავლობაში, ის კი არა რომ 31 დეკემბერს მორჩა და ყველაფერი განულდა და თავიდან ვიწყებთ, ეს არასწორია, ქულათა დარიცხვა უნდა იყოს ისე, რომ შენ როცა არღვევ იქიდან ერთი წლის განმავლობაში თუ კიდევ დაარღვევ, ის ათვლა თავიდან უნდა იწყებოდეს და ერთ წელიწადში უფრო ნაკლები უნდა გიუქმდებოდეს, არ უნდა გინულდებოდეს ქულა, ვიდრე დაგერიცხება. ამიტომ, როცა უკვე გარკვეულ ზღვართან მიდიხარ გინდა, არ გინდა უკვე ძალიან ფრთხილი ხარ, რომ არ დაგეწეროს დამატებითი ქულა, რათა მართვის მოწმობა არ დაკარგო," - ამბობს მევლუდ მელაძე.