ეროვნული მემკვიდრეობა განადგურების პირასაა - სააგენტოს ხელმძღვანელი "ოცნებას" ამხელს

14.11.25 20:15
ეროვნული მემკვიდრეობა განადგურების პირასაა - სააგენტოს ხელმძღვანელი "ოცნებას" ამხელს

ბოლო განცხადებებმა ნათლად აჩვენა, რა შედეგი მოიტანა „ქართული ოცნების“ მრავალწლიანმა უყურადღებობამ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში: უძველესი ტაძრები და მონასტრები დაუცველია, კედლები ნესტს ატარებს, ფრესკები ნადგურდება, ხოლო რეაბილიტაცია, რომელიც დაცვას უნდა უზრუნველყოფდეს, ადგილობრივად პრობლემებს უფრო ამძაფრებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თეა ონიანმა პარლამენტის კულტურის კომიტეტზე თქვა, რომ ბევრ ძეგლს სარეაბილიტაციო სამუშაოები სერიოზული ხარვეზებით ჩაუტარდა, შედეგად, ტაძრებში წვიმის წყალი შედის და კედლის მხატვრობა ზიანდება. ეს სურათი, მისი თქმით, არა ერთ კონკრეტულ ობიექტზე, არამედ „თითქმის ყველგან“ ფიქსირდება.

ონიანის გამოსვლამ პრაქტიკულად თეა წულუკიანი ამხილა. მისი თქმით, გელათი არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა ჩატარდეს რეაბილიტაცია. წულუკიანის მინისტრობის პერიოდში შვიდ წელიწადში გელათზე ოთხ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები არაკვალიფიციურად ჩატარდა, დროებითი გადახურვა არ არსებობდა და შედეგად ისტორიული კომპლექსი მძიმე დაზიანებამდე მივიდა.

პრობლემა მხოლოდ გელათი არ არის.

ნიკორწმინდაც მძიმე მდგომარეობაშია — მეათე საუკუნის ტაძრის გარე ფასადი პრაქტიკულად დანგრეულია. უნიკალური დეკორი წვიმამ უკვე წელიწადზე მეტი ხნის წინ დააზიანა, რადგან არ იყო დაცვითი საფარი, რომელიც წყალს კედლებამდე მისვლას გადაავნებენდა.

კრიტიკული ვითარებაა უნიკალური ფრესკების მიმართულებითაც: ტაძრებში წყლის ჩადინების გამო კედლის მხატვრობა ყვითლდება, ფერები ფერმკრთალდება ან მთლიანად იცვლება. სპეციალისტების შეფასებით, არაერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს დაუდევრობასთან და არასწორ ტექნიკურ გადაწყვეტილებებთან.

რცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები