როგორ წაართვეს ბრიტანულ-ქართული აკადემია მფლობელს - ნათია ჯანაშია ინვესტორებს თაღლითობაში ამხელს

16.11.25 14:12
როგორ წაართვეს ბრიტანულ-ქართული აკადემია მფლობელს - ნათია ჯანაშია ინვესტორებს თაღლითობაში ამხელს

ქალი, რომელმაც მეუღლესთან ერთად ბრიტანულ-ქართული აკადემია დააფუძნა, ინვესტორებს თაღლითობაში ამხელს. მისი თქმით, საქმეში ფიგურირებენ ირაკლი გილაური და გიორგი კეთილაძე. ამის შესახებ ნათია ჯანაშიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ნათია ჯანაშიას თქმით, ერთი წლის წინ ინვესტორები მას თავად დაუკავშირდნენ და ინვესტიციის ჩადება და სკოლისთვის მიწების გადაცემას შეჰპირდნენ, თუმცა ეს პირობა არ შეასრულეს. მისივე განცხადებით, ინვესტორებმა სკოლის 70%-იანი წილი საბაზრო ღირებულებაზე 25 მილიონ ლარზე ნაკლებ ფასად შეიძინეს, საბოლოოდ, კი სკოლა სრულად ჩაიგდეს ხელში.

ქალი ამბობს, რომ პროკურატურა უკვე ერთი თვეა იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, სადაც, მისი განცხადებით, წარმოდგენილია კონკრეტული მტკიცებულებები ორივე პირის შესაძლო დანაშაულზე.

ეს სკოლა არის ჩემი და ჩემი მეუღლის შექმნილი. ის, რომ ეს სკოლა, ბრიტანულ-ქართული აკადემია გახდა საქართველოშ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლა, არის სწორედ ჩემი და დავით ცეცხლაძის დამსახურება და ეს არის სწორედ ის მიზეზი, რატომაც უნდა ირაკლი გილაურს მის საკუთრებაში ეს სკოლა. ირაკლი გილაურის და გიორგი კეთილაძის ქმედებები, როგორც ახლა ვხედავთ, ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს და ეს მიზანი მათ პირდაპირ განგვიცხადეს ერთ-ერთი შეხვედრის დროს და ეს იყო სოლიდარული ფინანსური სარგებლის მიღება. ეწეოდნენ ასევე ჩემს დისკრედიტაციას და ყველანაირი გზით ცდილობდნენ დირექტორის თანამდებობიდან ჩემს გათავისუფლებას, რაც მათ, საბოლოოდ, მოახერხეს კიდეც და ამის მიზანი იყო მხოლოდ ის, რომ მათ გაემარტივებინათ დანაშაულებრივი ქმედებების ჩაფარცხვა. ჩვენ მოგვადგა სოლიდური ფინანსური ზიანი და რაც ყველაზე სამწუხაროდ, დაზარალდა თავად სკოლა, - თქვა ბრიფინგზე ნათია ჯანაშიამ. 

"პირველები" დაინტერესდა, გამოიკითხნენ თუ არა ამ საქმეზე გილაური და კეთილაძე, თუმცა მათი ადვოკატი ჩვენს კითხვებს არ პასუხობს. 

ჰქონდა თუ არა ადგილი თაღლითობას, ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. 

 

მსგავსი სიახლეები