პენიტენციური სამსახური ციხეებში უვარგისი საკვების არსებობას უარყოფს
პენიტენციური სამსახური დღეს რიგით მეორე განცხადებას აქვეყნებს, სადაც ამტკიცებს, რომ ბრალდებები, თითქოს ციხეებში უვარგისი საკვებია, სიცრუეა.
უწყება ამტკიცებს, რომ პატიმრები სამჯერადი კვებით უზრუნველყოფილნი არიან, მენიუები კი ნუტრიციოლოგების მიერ შედგენილი ახალი სტანდარტით რეგულირდება. მათი თქმით, სისტემა ყოველდღიურ კონტროლზეა და დარღვევის შემთხვევაში საკვების მომწოდებელი კომპანიები სანქცირდება.
„პოლიტიკურად მიკერძოებული მედიასაშუალებების – „TV პირველისა“ და „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ მორიგ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განვმარტავთ:
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტი თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების მაქსიმალური დაცვა და მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობაა.
რაც შეეხება არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებას, აღვნიშნავთ, რომ ეს არის მორიგი სიცრუე. პენიტენციურ სისტემაში, 2019 წელს გატარებული რეფორმის შედეგად თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მოწვეული ნუტრიციოლოგების მიერ შემუშავდა ახალი სტანდარტის, სეზონური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი კვებითი მენიუები (არასრულწლოვნების, ორსული და მეძუძური ქალების, დაავადებების მიხედვით სტაციონარში მყოფი და ნაოპერაციები პირების და ა.შ.). მათვე განსაზღვრეს კალორაჟის ახალი დღიური ნორმა (2300-3700 კკალ). შესაბამისად, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულების/მსჯავრდებულების კვება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგებული მენიუების შესაბამისად ხორციელდება.
ასევე, აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს კვებითი მომსახურების კონტროლი და რაიმე სახის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მომსახურე კომპანიას ეკისრება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული სანქციები. ამიტომ საუბარი პატიმრების არასათანადო კვების შესახებ არის მხოლოდ პენიტენციური სამსახურის მიმართ მორიგი სიცრუის კამპანიის გაგრძელება“,- აღნიშნულია განცხადებაში.
გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებზე პატიმრები ერთი მეორის მიყოლებით საუბრობენ - პრობლემებად სახელდება უვარგისი საკვები, არასწორი სამედიცინო მომსახურება და სავალალო ჰიგიენურ-სანიტარული მდგომარეობა.
სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე "შაბათის ეთერისთვის" გამოგზავნილ წერილში ციხეთა სისტემაში არსებულ მძიმე ვითარებას აღწერს.
მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში გათბობა ამ დრომდე არ ჩაურთავთ, ფანჯრიდან ცივი ჰაერი და ქარი შემოდის.