EU საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობით პროექტების დაფინანსებას წყვეტს
ევროკავშირის პროგრამა Erasmus+-ის განახლებული გზამკვლევის მიხედვით, საქართველოში აღარ დაფინანსდება ის პროექტები, სადაც სახელმწიფო უწყებები ან მათთან დაკავშირებული სტრუქტურები მონაწილეობენ. დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული, რომ ამის მიზეზია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა.
ამის შედეგად, შეჩერდება პროგრამები, რომლებიც ეხებოდა უმაღლესი სასწავლებლების განვითარებას - მათ შორის ბიბლიოთეკების მოდერნიზაციას, ლაბორატორიების აღჭურვას და სხვა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რასაც ევროკავშირი წლების განმავლობაში აფინანსებდა.
განათლების ექსპერტების შეფასებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება არა მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას, არამედ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემასაც აზიანებს.
იკარგება არა მარტო ფული, არამედ იკარგება შესაძლებლობა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის შემდგომი განვითარებისა ევროპული სტანდარტების მიხედვით. მთელ რიგ პროექტებში სავალდებულო იყო სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობაც, ეს პროექტები ახლა ჩვენთვის ხელმისაწვდომი აღარ არის და შესაბამისად, ირიბად ეს ურტყამს უნივერსიტეტებსაც. უნივერსიტეტი და ქვეყანა როცა ჰკარგავს რეპუტაციას, მისი აღდგენა მერე ასე მალე არ ხდება. ჩვენ ამ რეპუტაციის მოპოვებაზე წლები ვმუშაობდით. საქართველო ერასმუსში ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული ქვეყანა იყო აქამდე და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ახლა ამ შანსებს ვკარგავთ. ახალი პროექტების დაფინანსება ევროკავშირიდან ძალიან შემცირებულია თუ არა საერთოდ გაუქმებულია. არ შეიძლება, მუდმივ რეჟიმში ლანძღო ევროკავშირი და მერე მისგან ფინანსური დახმარების იმედი გქონდეს, - ამბობს განათლების ექსპერტი ლიკა ღლონტი.