ალექსი ახვლედიანი ადასტურებს, რომ თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში იმყოფება
თორნიკე რიჟვაძე გერმანიაშია - ინფორმაცია “პირველებს“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალექსი ახვლედიანმა დაუდასტურა.
ახვლედიანის მტკიცებით, რიჟვაძის გერმანიაში წასვლა მხოლოდ სამკურნალო მიზნებით მოხდა და მას ქვეყანა არ დაუტოვებია.
მისივე თქმით, რიჟვაძეს მხედველობა არ დაუკარგავს, თუმცა თვალში სითხე კვლავ ჩაუგდა.
თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორეს გასაკეთებლად წავიდნენ, გერმანიაში საცხოვრებლად არავინ გადასულა. თვალის პრობლემაა ისევ და ამიტომ წავიდნენ სხვა კლინიკაში, გერმანიაში. მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს, პირველი ოპერაციის შემდეგ კვლავ ჩაუდგა სითხე, ამიტომ ესაჭიროება დამატებითი მკურნალობა. პირველი ოპერაციის შემდეგ დარწმუნებულები ვიყავით, რომ კარგად ჩაივლიდა, აღარ ჩაუდგებოდა სითხე, სამწუხაროდ, მაინც ჩაუდგა და დამატებითი მკურნალობისთვის გადავიდა გერმანიაში,- უთხრა “პირველებს“ ახვლედიანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა თორნიკე რიჟვაძე ქვეყანაში დაბრუნებას და ჩვენების მიცემას, ახვლედიანი პასუხობს:
“რა თქმა უნდა, რატომ არ უნდა ჩამოვიდეს, რა პრობლემაა.“
რაც შეეხება თავშესაფრის მიღებას, ის ამბობს, რომ "მსგავსი არაფერი სმენია".
თავშესაფარათან დაკავშირებით მსგავსი არაფერი მსმენია და რატომ უნდა მოითხოვოს, იმასაც ვერ ვხვდები,
მანამდე ხომ იყო გერმანიაში ამ პრობლემასთან დაკავშირებით, შემდგომ აპირებდა დაბურნებას იგივე კლინიკაში, მაგრამ რადგან თურქეთში მოხვდა, იქვე გაიკეთა პირველი ოპერაცია, მაგრამ სითხის ჩადგომა კვლავ გაუმეორდა და არის იქეთ, - უთხრა მან “პირველებს“.
მისივე თქმით, მას თავად თორნიკესთან არ უსაუბრია, თუმცა, ოჯახის წევრებისგან იცის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
გუშინ „აჭარა თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავიდა. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რიჟვაძეს ერთ თვალში მხედველობა დაკარგული აქვს და სავარაუდოდ, სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აირჩია საცხოვრებლად ევროპა.
მედიის ინფორმაციით, რიჟვაძესთან ერთად გერმანიაში გადავიდნენ მისი მეუღლე, შვილები და მშობლები.