ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება

17.11.25 12:15
ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც.

პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილებები სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაციას ემსახურება.

ანტიკორუფციულ ბიუროს დღეს, არსებითად, დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი. მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. ინიციატივის შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. იგივე მოდელით, 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

მისი ფუნქციები ასევე სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო, აუდიტის სამსახური სარგებლობს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხით, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობას ტოვებდა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი.

რამდენიმე საათში, რაჟდენ კუ[რასვილმა  ჟურნალისტებს უთხრა, რომ თანამდებობაზე დარჩებოდა მანამდე, სანამ ეს უწყება იარსებებდა.

ანტიკორუფციული ბიურო 2023 წელს შეიქმნა. მისი შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმაში მე-4 რეკომენდაცია იყო და გულისხმობდა ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას.

მსგავსი სიახლეები