შსს-ს ახალი შეზღუდვები არაკონსტიტუციურია- უფლებადამცველები
შსს-ს ახალი შეზღუდვები - გელაძის უწყების მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება ადამიანებს ელექტროშოკის და ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენებას უკრძალავს.
უფლებადამცველების თქმით, ახალი შეზღუდვები საფრთხის შემცველია არა მხოლოდ აქციის მონაწილეებისთვის, არამედ ქალებისთვის, რომლებიც თავის დაცვის მიზნით წიწაკის სპრესი და ელექტროშოკერს ატარებენ.
ორგანიზაცია “საფარის“ ხელმძღვანელია, ბაია პატარაია ხაზს უსვამს ქალთა მიმართ მომატებულ ძალადობას და აცხადებს, რომ სწორედ მათთვის იქნება პრობლემა აღნიშნული შეზღუდვა, რადგან ვეღარ მოახერხებენ ელემენტარული თავდაცვის საშუალებები თავად ატარონ, რომ საფრთხისგან თავი დაიცვან.
ამ ქვეყანაში ადამიანები არ არიან დაცულები, საშინელებები ხდება ქუჩაში. მე შემიძლია ქალთა მიმართ ძალადობაზე, უამრავი ქალი, ვინც საღამოს საათებში, გვიან ბრუნდება სამსახურიდან და გადაადგილდება და ა.შ. იმიტომ რომ პოლიცია სხვა რამითაა დაკავებული და არა ქალების და ადამიანების დაცვით. შესაბამისად, მათ უწევთ, რომ ეს ელემენტარული თავდაცვის საშუალებები თავად ატარონ, რომ საფრთხისგან თავი დაიცვან, - განაცხადა პატარაიამ.
არაკონსტიტუციურს უწოდებს შსს-ს ახალ რეგულაციებს ადვოკატი ბორის ჩელე ყურუა. მისი თქმით, “ეს ცვლილებები იმას ემსახურება, რომ მხოლოდ სახელმწიფოს ჰქონდეს ამ ყველაფერზე მონოპოლია“
მინიმალური საშუალებაც არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, რომ საფრთხისგან თავი დაიცვას და მხოლოდ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერზე მონოპოლია, რაც ჩემი აზრით არაკონსტიტუციურია. ვხედავთ, რომ პოლიციელები დაკავებულები არიან იმით, რომ დამნაშავის ნაცვლად პირბადიან ადამიანებს დასდევენ, ასევე მათ, ვინც რუსთაველზე გზის სავალ ნაწილს კეტავს, ასე რომ, პოლიციის იმედად ყოფნა, არ არის რელევანტური არგუმენტი იმისთვის, რომ ადამიანს თავდაცვის ეს მინიმალური საშუალებებიც აუკრძალო, - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა და დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარუდგინა.
უწყების ცნობით, აღნიშნული ცვლილებები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის კიდევ უფრო ეფექტიანად დაცვისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით განხორციელდება.