ჰაერის დაბინძურება თბილისში - დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმას სამჯერ აჭარბებს
თბილისში, ჰაერის დაბინძურებაა დასაშვებ ნორმას სამჯერ აღემატება. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დედაქალაქში, ყველაზე მძიმე ვითარება აღმაშენებლის და წერეთლის გამზირებზეა. მტვრის მყარი ნაწილაკების რაოდენობა განსაკუთრებით არის მომატებული რუსთავში - მეგობრობის და ბათუმის ქუჩებზე. გარემოს დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ჰაერში მყარი ნაწილაკების მომატებული კონცენტრაცია სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
თბილისი, რუსთავი და ახალციხე - სამივე დიდ ქალაქში მტვრის მყარი ნაწილაკების რაოდენობა რეკორდულ ნიშნულზეა. შეუიარაღებელი თვალითაც მარტივია იმის აღქმა, რომ უკვე რამდენიმე დღეა დედაქალაქი ბურუსშია გახვეული. ეს არის Pm 2.5 საშიში ნაწილაკი, რომელიც საფრთხის შემცველია ჯანმრთელობისთვისაც. რაც უფრო წვრილია ნაწილაკი, მით უფრო მარტივად აღწევს ის სისხლში და მიაღწევს ფილტვებამდეც. იმ შემთხვევაში, თუ ასეთ ჰაერს ადამიანი დიდხანს სუნთქავს, შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ არიან ალერგიის და რესპირატორული დაავადებების მქონე მოქალაქეები.
სისუსტე, გულის აჩქარება, თავბრუსხვევა, თვალებიდან ცრემლდენა და გაღიზიანება - ეს იმ სიმპტომების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ჰაერში pm 2.5 ნაწილაკების მომატების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს. მედიკოსების რეკომენდაციაა, მოერიდოთ გარეთ აქტივობებს, ან თუ მაინც ქუჩაში გახვალთ გამოიყენეთ სპეციალური პირბადეები.
ქარიშხლებით ჰაერის დაბინძურების კონტროლი შეუძლებელია, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ არსებობს მთელი რიგი საპრევენციო ზომები, რომელსაც წესით ხელისუფლება უნდა ატარებდეს, მაგალითად მწვანე საფარის განვითარება. თბილისი კი ახლა სამშენებლო მოედნად არის გადავსებული, "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ბიზნესმენები მიყოლებით იღებენ ნებართვებს "ქალაქის ჩასაბეტონებლად" და "რკინის ცათამბჯენების" ასაშენებლად. თბილისის განიავების ერთადერთი საშუალება კრწანისის ტყე პარკია, თუმცა ამ ადგილზეც მალე ახალი მშენებლობა დაიწყება და ტყე გაიჩეხება. სპეციალისტებს განგაშის სიგნალი აქვთ ჩართული.