რვა-მილიონიანი ახალი წელი თბილისში - კალაძეს ფულის დაზოგვას არც წელს აპირებს

17.11.25 21:02
რვა-მილიონიანი ახალი წელი თბილისში - კალაძეს ფულის დაზოგვას არც წელს აპირებს

წელს საახალწლო გეგმები შეცვლილია - ნაძვის ხე რუსთაველის გამზირის ნაცვლად რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება, საახალწლო ღონისძიებებსაც მერია სწორედ აქ მოაწყობს. გამოცდილებამ კახა კალაძეს როგორც ჩანს ასწავლა, რომ პროტესტს ხელს ვერ შეუშლიდა და ნაძვის ხის დასაცავად ჩაყენებული პოლიციაც არ უხდებოდა ზეიმს. ამიტომ 2026 წელს პარლამენტის წინ აღარ აღნიშნავენ. ბრძანებას კახა კალაძემ ხელი უკვე მოაწერა.  

ახალი წლის ზეიმი 8 მლნ 280 ათასი ლარი დაგვიჯდება. მერია საახალწლო ქალაქს რესპუბლიკის მოედანზე მოაწყობს, აქ განლაგდება დეკორაციები, ყინულის მოედანი და სანტას სახლი. აქვე გამართავენ 31 დეკემბერს გალა კონცერტს. ამ ყველაფერში მილიონების დასახარჯად კი არანაირი კონკურსი არ ჩატარდება, ყველაფერს გამარტივებული წესით შეისყიდიან, ანუ კომპანიას თავად აარჩევენ და ბიუჯეტის ფულს გადაუხდიან.

გამარტივებული შესყიდვა შესაძლოა უწყებას გადაუდებელი აუცილებლობისას დასჭირდეს, მაგრამ ახალი წელი ასეთ ღონისძიებად ვერ ჩაითვლება. მერიაშიც იციან და კალაძემაც იცის, რომ ახალი წელი მოვა, ისიც იცის, როდის მოვა და ისიც, რომ საახალწლო ღონისძიებები დასაგეგმია, მაგრამ მაინც არ აცხადებენ კონკურსს. მკვლევარები ეჭვობენ, რომ ახალი წელიც "ოცნებისთვის" ფულის კეთების საშუალებაა.

დღეს ივანიშვილის გუნდში  ვერ მალავდნენ, რომ პროტესტმა შეუცვალათ გეგმები. გასულ წელს, მერმა დაგეგმილ დღეს ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება ვერ შეძლო, რადგან 14 დეკემბერს პარლამენტის წინ ათასობით მომიტინგე შეიკრიბა. პოლიციელების კორდონების მიუხედავად, "ოცნების" ლიდერები ნაძვის ხესთან ვერ მივიდნენ. წელს სავარაუდოდ იგივე სცენარის გამეორება არ სურდათ.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში