შსს: წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დავაკავეთ

18.11.25 10:09
შსს: წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალურ პროკურატურის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული რ.ბ. თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

შსს-ს ცნობით, მსჯავრდებული ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ, 2025 წლის ნოემბრიდან წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

ირკვევა, რომ რ.ბ.-მ პირადი მატერიალური სარგებლის მოპოვების მოტივით, ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეწეოდა უკანონო აზარტულ საქმიანობას - ონლაინ კაზინოს ორგანიზებასა და ფუნქციონირებას. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში მსგავსი საქმიანობა კანონით აკრძალულია და ლიცენზირებას არ ექვემდებარება.

ასევე, რ.ბ.-მ ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილე პირების მიერ, მის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე  ჩარიცხული დიდი რაოდენობის თანხა უკანონო მიითვისა.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები