შსს: ქალს ხელბარგში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერება აღმოაჩნდა - თბილისის აეროპორტში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1988 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას, ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.