"საბა 2025-ის" გამარჯვებულები ცნობილია - საზეიმო ცერემონია არც წელს ჩატარდა

18.11.25 19:47
"საბა 2025-ის" გამარჯვებულები ცნობილია - საზეიმო ცერემონია არც წელს ჩატარდა

2002 წელს დაფუძნებული ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია არც წელს ჩატარდა.

როგორც “საბას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოეტი რატი ამაღლობელი წერს, ამის მიზეზი  ქვეყანაში არსებული  პოლიტიკური კრიზისია.

პრემია „საბას” წელს 11 გამარჯვებული ჰყავს ცხრა სხვადასხვა ნომინაციაში. გამარჯვებულების ვინაობა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიის გარეშე გამოცხადდა.

„ლიტერატურული პრემია „საბა” 2002 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად გაიცემა. ბოლო ორი წელია, რაც აღარ ტარდება დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. ისევე, როგორც შარშან, წელსაც, ქვეყანაში სახეზეა უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი. დაკავებულები იყვნენ და არიან ჩვენი კოლეგები, ჟურნალისტები, მწერლები, გამომცემლები.

არ დარჩენილა პროფესიული სფერო, რომლის გამორჩეული წარმომადგენლებიც სასჯელს არ იხდიდნენ ქვეყნის ევროპული და ცივილიზაციური არჩევანის ერთგულების გამო.

მწერლები პაატა შამუგია, ზვიად კვარაცხელია, ბექა ქურხული სასჯელს იხდიდნენ სხვადასხვა იზოლატორში, 2 წლით თავისუფლება აღუკვეთეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელსა და პოეტ ზვიად რატიანს. რეპრესირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.

ლიტერატურული პრემია „საბა“ დამოუკიდებელი საქართველოს პირმშოა, მისი მრწამსი და ფილოსოფია ეფუძნება სულხან-საბა ორბელიანის საქმეებსა და მისწრაფებებს, რაც გულისხმობს საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ხელისუფლების მესვეურთაგან ამ დიდი იდეალების ღალატს, იდეალებისა, რომელზეც თავიდანვე იდგა ქართული კულტურა, ლიტერატურა და ხელოვნება.

შესაბამისად, დაჯილდოება წელსაც არ ჩატარდება, თუმცა ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას თანამედროვე ქართველი ავტორებისა და ლიტერატურული პროცესის წინაშე, ამიტომ თანხებს, რომელიც ადრე დაჯილდოების ცერემონიას ხმარდებოდა, ახლა სრულად იმ ავტორებისკენ მივმართავთ, რომლებიც 2025 წლის „საბას“ ჟიურის გადაწყვეტილებით მოკლე სიაში მოხვდნენ.

დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ერთად ვიზეიმებთ ცივილიზაციური განვითარების გზაზე საქართველოს დაბრუნებას, რის შემდეგაც „საბას“ ახალი ენერგითა და სიხარულით ჩავატარებთ.

ტრადიციულად, წელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა კონკურსის ლიტერატურულმა ჟიურიმ - განიხილა 250-მდე წიგნი და გამოავლინა ცხრა სხვადასხვა ნომინაციაში 11 გამარჯვებული:

  • საბა 2025-ის ჟიურის წევრები იყვნენ:
  • მარი ბექაური, მწერალი
  • ლია ლიქოკელი, პოეტი
  • დავით ქართველიშვილი, მწერალი
  • ლელა დუმბაძე, მთარგმნელი
  • ტორესა მოსი, მწერალი

საბა 2025-ის ლაურეატები არიან:

  • საუკეთესო რომანი - ირაკლი მეტრეველი “ნებადართული ჯადაქრობა” (სულაკაურის გამომცემლობა)
  • საუკეთესო პოეტური კრებული - რეზო გეთიაშვილი “მეოთხე პირის ნიშანი” (კალმოსანი)
  • საუკეთესო პროზაული კრებული - მამუკა დოლიძე “გამოფენა”
  • (მერანი)
  • საუკეთესო პიესა - ნოდარ მამაცაშვილი “ლოკოკინას სინდრომი” (აწმყო)
  • საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - სოფიო შამანიდი “აუტანელი კაცები/”აუტანელი” ქალები” (სულაკაურის გამომცემლობა)
  • საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - გიორგი საჯაია “ლპობა” (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
  • ლექსო ჩხაიძე “გარეთ, ქარში საკითხავი” (კალმოსანი)
  • საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ანა მარგველაშვილი “წერილები მეფეს” (ალონი)
  • უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი - ანი კოპალიანი, ადამ მიცკევიჩის “ჯიადი” (გამომცემლობა ინტელექტი)
  • ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოვდებიან ლერი ალიმონაკი და ზაზა აბზიანიძე“.