ქვეყნის ეკონომიკა ემიგრანტების ფულზე დგას - მხოლოდ 10 თვეში გზავნილებმა 3 მილიარდს გადააჭარბა
უცხოეთში მყოფი ქართველების მიერ გადმორიცხული თანხები რეკორდებს ხსნის. მხოლოდ ოქტომბერში ქვეყანაში 318 მილიონი დოლარი შევიდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია.
ლიდერი კვლავ ამერიკაა - წლიდან წლამდე სწორედ აშშ-დან წამოსული გზავნილები იზრდება ყველაზე სწრაფად.
სრული სურათი განსაკუთრებით დამთრგუნველია: წელს, 10 თვეში, საქართველოში ფულადი გზავნილებით 3 მილიარდი დოლარი შემოვიდა, საიდანაც თითქმის ნახევარი ევროკავშირიდან იქნა გადმორცხული.
ევროპის წილი გზავნილებში რეკორდულ 44%-ს აღწევს.
ყველაზე მეტი თანხა მოდის:
- იტალიიდან,
- გერმანიიდან,
- საბერძნეთიდან.
მხოლოდ იტალიიდან 512 მილიონი დოლარი გადმორიცხეს წლის დასაწყისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
ქვეყნის ეკონომიკა ემიგრანტების გამოგზავნილ ფულზეა დამოკიდებული. ეკონომისტები მარტივად ხსნიან: საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით 10% პირდაპირ ემიგრანტების გზავნილებზეა ჩამოკიდებული. და ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია - რეალური თანხა, რომელიც ემიგრანტების ჩამოსვლისას ქვეყანაში შემოდის, სავარაუდოდ, ორმაგია.
ამ ფონზე, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ მილიონობით ემიგრანტს არჩევნებში მონაწილეობის უფლება პრაქტიკულად არ მისცეს, კიდევ უფრო მწვავე კითხვებს აჩენს. რა მოხდება, თუ გზავნილები ერთ დღეს შემცირდება?
მხოლოდ ბოლო 10 თვეში:
- 561 მილიონი დოლარი გადმოირიცხა ამერიკიდან,
- 1.3 მილიარდი — ევროკავშირის ქვეყნებიდან.
ანალიტიკოსების თქმით, თუ გზავნილები შემცირდება ან შეჩერდება, საქართველოს ეკონომიკა მძიმე დარტყმას მიიღებს.
ეს უკვე დასტურდება პანდემიის გამოცდილებითაც - მაშინ სწორედ გზავნილებმა და ტურიზმმა გადაარჩინა ლარი და ფინანსური სტაბილურობა.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.