ორაგული თუ შეღებილი კალმახი? - რას ჭამს ხალხი

18.11.25 21:59
ორაგული თუ შეღებილი კალმახი? - რას ჭამს ხალხი

რას ჭამს ხალხი - შეღებილი ქათმების სკანდალის შემდეგ ბაზარზე შეღებილი თევზი გამოჩნდა.

“რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო რეპორტაჟით ირკვევა, რომ საქართველოში ხშირად ყიდიან კალმახს თვალშისაცემად ნარინჯისფერი ხორცით. ეს არ არის კალმახის ბუნებრივი ფერი და მიღწეულია თევზის პიგმენტირებული საკვებით. იმავენაირად იღებება ადგილობრივი წარმოების წითელი ხიზილალაც.

მყიდველს უმალავენ, რომ თევზის და ხიზილალის ფერი საკვები საღებავებით, პიგმენტებით, ხელოვნურადაა მიღწეული.

იმისთვის, რომ კალმახი ორაგულად გასაღდეს, საკვებ საღებავებს უმატებენ კვებისას.

“თევზის წონა როცა გახდება 300-350 გრამი, ვიწყებთ პიგმენტირებული საკვების მიცემას, 2-3 თვე სჭირდება თევზს ხორციც რომ გაუფერადდეს და ქვირითიც გაუწითლდეს, ზუსტი დრო უნდა იცოდე, როდიდან დაუწყო სპეციალური საკვების მიცემა“, - ეუბნება ერთ-ერთი მეკალმახე რადიო თავისუფლებას.

ასე კვებისას კალმახის ხორცი ემსგავსება ზღვის, ოკეანის ორაგულის ხორცს, მასზე მოთხოვნაც მეტია და ხშირად უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე ცისარტყელა კალმახის “სუფრის თევზები”.

“კლიენტია მიჩვეული, რომ ხიზილალაც და თევზიც უნდა იყოს წითელი, ეს ჰგონიათ კარგი. ვაჭარი ეუბნება, ფერით ნახე, ორაგულიაო. ორაგულად აღიქვამენ, მაგრამ კალმახია”, - ამბობს კიდევ ერთი მეკალმახე.

არის თუ არა შეღებილი თევზი ჯანმრთელობისთვის საზიანო? - როგორც ირკვევა, საქართველოში არც თევზის საკვებში და არც თევზში გამაყვითლებლის, კაროტინოიდების რაოდენობას არცერთი სახელმწიფო უწყება არ იკვლევს. სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში არ არის ისეთი ლაბორატორია, სადაც ამას გამოიკვლევენ.

ვრცლად ნახეთ “რადიო თავისუფლების“ რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები