ავარიული სახლებისა და სოციალურად დაუცველების დაფინანსება კლებულობს - ოპოზიცია კალაძეს აკრიტიკებს
ავარიული სახლების რეაბილიტაციაზე, გამაგრებაზე ან ახალი ბინებით ჩანაცვლებაზე და სოციალური დაუცველი ხალხის საჭიროებებზე იმაზე ნაკლები თანხაა გამოყოფილი, ვიდრე გასულ წელს. ამას ცხადყოფს დედაქალაქის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, რომელიც უკვე საკრებულოშია. არადა, წინასაარჩენოდ, კახა კალაძე თბილისელებს ჰპირდებოდა, რომ დედაქლაქის ბიუჯეტს სრულად ქალაქის საჭიროებებზე მიმართავდა.
ოპოზიცია ამბობს, რომ კახა კალაძე ბიუჯეტს არასწორად განკარგავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, საბა ბუაძის თქმით, დედაქალაქის მერს მოქალაქეების რეალური პრობლემები არ აინტერესებს და მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა აღელვებს.
მისი მერობის 8 წლის განმავლობაში კახა კალაძეს თბილისელების ჯიბიდან დახარჯული აქვს დაახლოებით 10 მლრდ-ი ლარი და ვერავინ იტყვის, რომ ეს თანხა მოხმარდა ჩვენს ქალაქში არსებული ცხოვრების საგრძნობლად გაუმჯობესებას. ეს პრობლემები, ეტყობა, როგორც ტრანსპორტს, ისე მწვანე საფარს, ისე ადამიანების სოციალურ მდგომარეობას, ამ პრობლემების მოგვარებისკენ უნდა იყოს მთელი ძალისხმევა მიმართული, მაგრამ რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ბიუჯეტის ძალიან არასწორად და არაკვალიფიციურად დაგეგმვა და განხორციელება ხდება ხოლმე, რაზეც პასუხისმგებელი არის ამ ქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი, - ამბობს საბა ბუაძე.