ორაგული თუ შეღებილი კალმახი? - როგორ გვატყუებენ ხელოვნურად შექმნილი ფერით
"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოში კალმახს საკვებში შერეული საღებავით ღებავენ და შემდეგ ორაგულად ასაღებენ. ბუნებრივად მოყვითალო ფერის კალმახს მუქ ნარინჯისფერს საკვებში შერეული პიგმენტით აძლევენ, ასეთი კვებისას კალმახის ხორცი ემსგავსება ზღვის, ოკეანის ორაგულის ხორცს, რომელზეც მოთხოვნაც მეტია და ხშირად უფრო ძვირადაც იყიდება.
რაც უფრო ნარინჯისფერია ცისარტყელა კალმახის ხორცი, ის მეტად ემსგავსება თავის ძვირიან ნათესავს, ორაგულს. მიზანიც ეს არის, მყიდველის მოტყუება ფერით, რომ ბევრად ძვირად გაყიდონ შედარებით დაბალ ბიუჯეტური თევზი. მართალია ორივე მათგანი ორაგულისებრთა ოჯახს მიეკუთვნება, მაგრამ მათი ხორცის და ხიზილალის სარგებლიანობა და ღირებულება განსხვავდება. თუმცა ინფორმაციას უმალავენ მყიდველს. არ ამბობენ რომ თევზის და ხიზილალის ფერი ხელოვნურადაა მიღებული.
თევზისა და ხიზილალის წითელი ფერის მისაღებად კაროტინოიდებს, ყველაზე ხშირად - ასტაქსანტინს მთელს მსოფლიოში იყენებენ, თუმცა აუცილებელია დოზების დაცვა და კონტროლი. მაგრამ აღმოჩნდა რომ კაროტინოიდების რაოდენობას საქართველოში არცერთი სახელმწიფო უწყება არ იკვლევს. რაც აჩენს რისკებს.