"რომ გამოვალ აქცია ჩავნიშნოთ და კარგად ვიხმაუროთ" - ლუკა ხიზაძის წერილი
მათე დევიძის მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებული, სამოქალაქო აქტივისტი ლუკა ხიზაძე იზოლატორიდან წერილს აგზავნის, თანამებრძოლებს მიმართავს და სთხოვს, რომ გამოვა აქცია ჩანიშნონ და "კარგად იხმაურონ".
წერილის მიხედვით, ის გიორგი ჟამერაშვილი და გია ჯვარშეიშვილი ერთ საკანში მხნედ არიან.
ლუკა ხიზაძე აქციის მონაწილეებს სთხოვს, სანამ ის გათავისუფლდება, ფრთხილად იყვნენ.
სალამი თანამებრძოლებს ზაჰესის იზოლატორიდან, მე-10 საკნიდან. მე, [გიორგი] ჟამერაშვილი და [გია] ჯვარშეიშვილი ვართ ერთ საკანში. ყველა მხნედ ვართ, გამოვალთ და გავაგრძელებთ ბრძოლას. ერთადერთი კვლავ უსამართლობის ატანა გვიწევს და ეს მაწუხებს. ყველაფერი მალე უნდა დავამთავროთ, ეს უსამართლობა მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. რომ გამოვალ აქცია ჩავნიშნოთ და კარგად ვიხმაუროთ.
სანამ გამოვალ ერთს გთხოვთ, ფრთხილად იყოთ, არ წამომყვეთ იზოლატორში და გარეთ იყავით. ბრძოლით უნდა მოვუგოთ, ნაკლები დანაკარგით და მეტი სიფრთხილით.
თავისუფლება მათეს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს," - წერს ლუკა ხიზაძე.
ცნობისთვის, გუშინ, მათე დევიძის მხარდასაჭერი აქციის დროს შსს-მ 13 პირი დააკავა.