დაღუპულია ინდიანას ეროვნული გვარდიის ერთი წევრი, დაშავებულია 3 - აშშ-ში ICE-მა გოდერძი გუჯაბიძე დააკავა
დაკავებულია 56 წლის გოდერძი გუჯაბიძე, რომელიც, ინდიანის შტატის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის ერთ-ერთი ფიგურანტია. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ინდიანას ეროვნული გვარდიის ერთი წევრი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, აშშ-ს ინდიანის შტატის ბუნის ოლქის შერიფის სამსახურმა განაცხადა, რომ 14 ნოემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გუჯაბიძე სატვირთოს მართავდა, როდესაც სამხედრო Humvee-სთან და თეთრი ფერის Subaru-ს მარკის ავტომობილთან შეჯახება მოხდა. Humvee-ში ეროვნული გვარდიის 4 წევრი ისხდა, რომელთაგანაც 23 წლის ტერი ფრაი ადგილზევე გარდაცვლილად გამოაცხადეს. დანარჩენი სამი გვარდიელი კი ადგილობრივ საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს.
Subaru-ს მძღოლი 51 წლის ვერონიკა ვებსტერი იყო, რომელსაც დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.
- ავარიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გუჯაბიძე თარჯიმნის დახმარებით დაკითხეს, რის შემდეგაც აშშ-ს ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების (ICE) სამსახურმა გუჯაბიძის არ გაშვება მოითხოვა და ფედერალურმა სააგენტომ იგი მალევე დააკავა.
გამომძიებლები ამბობენ, რომ ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით კვლავ უცნობია. NewsNation-ის მიხედვით, გუჯაბიძე გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს.