დაკავებული აქტივისტები ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ - "ჩაარტყეს, გააშიშვლეს და ბუქნები გააკეთებინეს"
მათე დევიძის მხარდამჭერი მარშის დროს დაკავებული აქტივისტები საპოლიციო ძალებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
უფლებადამცველი, ლაშა ტყეშელაძის თქმით, მან ზაჰესის იზოლატორში რამდენიმე დაკავებული მოინახულა, ისინი ძალადობაზე მიუთითებდნენ.
ადვოკატი ყვება, რომ ერთ-ერთი დაკავებულის თქმით, როდესაც [გოგა] მემანიშვილმა დასაკავებლად ხელი მოქაჩა, წაიქცა, შემდეგ კი რამდენიმე პოლიციელმა თავში დაარტყა.
ასევე, აქტივისტი გიორგი ჟამერაშვილი ამბობს, რომ შსს-ს წარმომადგენლებმა სახეში დაარტყეს.
უფლებადამცველი განმარტავს, რომ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები ვერ ასახელებენ, თუ ვინ იძალადა მათზე, რადგან "წაქცეულზე ურტყამდნენ".
მოვინახულე რამდენიმე პატიმარი ზაჰესის იზოლატორში. მათ მე განმიმარტეს, რომ მოხდა ფიზიკური ძალადობა. მაგალითად ერთ-ერთმა დაკავებულმა მითხრა, რომ როდესაც [გოგა] მემანიშვილმა ხელი მოქაჩა რომ აკავებდა, ამ დროს წააქცია, რამდენიმე პოლიციელი მივიდა და თავის მიმართულებით დაარტყა.
ასევე, გიორგი ჟამერაშვილმა მითხა, რომ მასზეც ფიზიკურად იძალადეს, მუშტი დაარტყეს სახის მიმართულებით.
დაიწყეს ახალი ძალადობის სერია. იქ იყო მემანიშვილი, იქ იყვნენ სხვა ძალოვნები, რომლებიც არიან უფროსები, ან მათ იძალადეს, ან სხვა ადამიანებმა, რომლებიც იქ იყვნენ. [დაკავებულები] ვერ ასახელებენ ზუსტად ვინ იძალადა, რადგან ერთი მხრივ წაქცეულზე ურტყეს, მეორე მხრივ კრუგში ვიყავი და მაშინ მომხვდაო, ერთ ერთმა დაზარალებულმა აღნიშნა.
პირველ რიგში, მე მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები არიან დაზარალებულები და არა სამართალდამრღვევები.
როდესაც ერთ-ერთი დაკავებული აიყვანეს მანქანაში, ადგილიც კი არ იყო მანქანაში და ეს ადამიანები სკამზე კი არ დასვეს, ანუ სადღაც ჰყავდათ ჩამუხლული და ჩამუხლულ მდგომარეობაში ძლივს მიიყვანეს სამართალდამცავ ორგანოებამდე," - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
ადვოკატის განმარტებით, დაკავებული კაცები დროებითი მოტავსების იზოლატორში გააშიშვლეს და ბუქნები გააკეთებინეს.
გუშინაც, რამდენიმე დაკავებულ კაცს სთხოვეს, რომ გაშიშვლებულიყვნენ და გაეკეთებინათ ბუქნები," - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.