ირაკლი კობახიძე სომხეთის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა

20.11.25 17:04
ირაკლი კობახიძე სომხეთის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე.

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია წერს, რომ ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

ირაკლი კობახიძემ ვაჰაგნ ხაჩატურიანს საქართველოში ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოხარულები ვართ, რომ დინამიურად ვითარდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, მაღალი დონის ვიზიტების ხშირი გაცვლაც ამის დასტურია. მადლობას გიხდით საქართველოში ჩამობრძანებისთვის, თქვენი პირადი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ურთიერთობები ძალიან დინამიურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში. გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა სომხეთის მთავრობასთან. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ დინამიკით, ამ ტემპებით ჩვენ ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწევთ მომავალში ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება. 

„დიდი მადლობა საქართველოს ხელისუფლებას თბილი მიღებისთვის. გუშინ ჩამოვედი და ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს სულ აქ ვიყავი. ამას განაპირობებს ჩვენს მიმართ გამოჩენილი ყურადღება და ის გარემო, რომელიც აქ შეგვიქმნეს. დარწმუნებული ვარ, ეს ასევე განპირობებულია ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და თქვენი პირადი ურთიერთობებით, სანდო პარტნიორობით და დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი დონის შეხვედრები ამყარებენ ჩვენს ურთიერთობებს, ასევე გვიქმნიან ახალ შესაძლებლობებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ ორმხრივი ურთიერთობების გამყარებასა და გაღრმავებას. დარწმუნებულები იყავით, რომ სომხური მხარის განწყობებსა და მიდგომებში ვერანაირი ცვლილება ვერ იქნება. ჩვენი ერთობლივი სურვილია, რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, შიდა პოლიტიკური მდგრადობა. ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობა საქართველოშიც და სომხეთშიც დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისკენ“, - განაცხადა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, კობახიძემ სომხეთის პრეზიდენტს და მის დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.

მსგავსი სიახლეები