"ივანიშვილის დიქტატურაზე პასუხია გასაცემი" - შიმშილობის 25-ე დღე პარლამენტთან
შიმშილობის 25 დღე პარლამენტთან - რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. მოშიმშილეები ამბობენ, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას არ გეგმავენ. მათი თქმით, პროტესტს უკეთესი შედეგი ექნება, თუ ის მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
აქციის მონაწილეები მოქალაქეებს მოუწოდებენ, თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას აძლევთ, შიმშილობის აქტს შეუერთდნენ.
ჩვენ არ ვაპირებთ შიმშილობის შეწყვეტას. რა მოცემულობაშიც არ უნდა აღმოჩნდეთ, გავაგრძელებთ შიმშილობას ბოლომდე. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, რა თქმა უნდა: სამართლიანი არჩევნების ჩატარება საერთშორისო ორგანიზაციების მეთვალყურეობით და პოლიტიკური და სინდისის ტყვეების თავისუფლება. ეს შიმშილობის ფორმა მაინც არის დამანგრეველი ამ ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველ დღე ვხედავთ ამას, ტიტუშკები როგორ მოდიან, როგორ რეაგირებენ ყველაფერ ამაზე. რასაც თითონ ვერ ამბობენ ტელევიზიით, ტიტუშკები ამას ასრულებენ, მაგრამ ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, - ამბობს დარეჯან ცხვიტარია.
პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს, რომელიც ქვეყანას იზოლაციაში აქცევს, პროტესტის ეს ფორმა ყველაზე ადეკვატურია.
ფოფხაძე ასევე ყურადღებას 28 ნოემბრის აქციის მნიშვნელობაზეც ამახვილებს.
დე ფაქტო რეჟიმი, პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ამყარებს რუსულ დიქტატურას, ეს არის ძალიან ცხადი და ამაზე პასუხია გასაცემი. ქვეყანა ამით მიდის იზოლაციისკენ ისე, რომ არ გვყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, არ არის საარჩევნო დემოკრატია. ეს ყველაფერ უნდა 24 საათიან რეჟიმში გავაპროტესტოთ. თან წინ მოდის 28 ნოემბერი, როცა ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ კონსტიტუციის 78 მუხლი დემონსტრაციულად, საჯაროდ დაარღვია და უარი თქვა ევროპულ არჩევანზე. 28-ში უნდა ვიყოთ რაც შეიძლება მეტი, - ამბობს გედევან ფოფხაძე.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის პარლამენტთან 9 ადამიანი შიმშილობს.