მოსამართლე ელენე გოგუაძემ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის პატიმრობა ძალაში დატოვა
აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოთქვა შესავალი სიტყვა, ასევე დაიკითხა საქმის მთავარი გამომძიებელი და ინფორმაციული პატაკის ავტორი პოლიციელი. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს გამოძიება ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერზე, ყოფილ ფეხბურთზელზე, ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება.
- მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს ეხება. როგორც აქტივისტები ყვებიან, ბექა გოცირიძე მომიტინგეებთან შევარდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა, რის შემდეგაც მას ჯიბიდან დანა გადმოუვარდა. მაშინ პოლიციამ გოცირიძე მხოლოდ ტერიტორიას განარიდა.
აღსანიშნავია, რუსთველზე მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ბექა გოცირიძემ "ტიკ ტოკის" აუდიტორიას უთხრა, რომ ჩხუბში მოყვა, მაგრამ ევროპული მომავლის მცველებმა მისი ცემაც კი ვერ მოახერხეს.