ბიძინა ივანიშვილზე „ავაზაკური რეკეტი“ მიმდინარეობს - პაპუაშვილი
ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო დავა მილიონებზე - შალვა პაპუაშვილი, "ოცნების" დამფუძნებლის ადვოკატის, თემო წიქვაძის მსგავსად „ავაზაკური რეკეტზე“ საუბრობს და ამტკიცებს, რომ ივანიშვილზე გაყინული მილიონების არდაბრუნებით ზეწოლა მიმდინარეობს.
"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა იმისთვის მიმდინარეობს, რომ მან საკუთარი პოლიტიკური გავლენები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენოს.
„ვფიქრობ, გუშინ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებაში ზუსტი ტერმინი იყო გამოყენებული - „ავაზაკური რეკეტი“. ზუსტად ავაზაკურ რეკეტთან გვაქვს საქმე რასაც ვაკვირდებით ამდენი წლის განმავლობაში, მათ შორის ამ პროცესის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ იმდენად ექვემდებარება გავლენებს სხვადასხვა ინსტიტუტი სხვადასხვა ქვეყანაში, რომ შეუძლიათ პირდაპირ ხელით მართონ ესა თუ ის საკითხი - ვის ჰქონდეს დაშვება საკუთარ ანგარიშზე, ვისი ანგარიშიდან რა თანხა მოხსნან და მიისაკუთრონ ყაჩაღურად და ა.შ. სინამდვილეში, ხელის გულზე დევს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ავაზაკური რეკეტი, რომლის მიზანიც არის ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა იმისთვის, რომ მან საკუთარი პოლიტიკური გავლენები ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. ამ მცდელობებს ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით. მათ შორის მაშინ, როცა ის პოლიტიკიდან დისტანცირებული იყო, გახსოვთ, აშშ-ის მაშინდელი ელჩი როგორ დაჟინებით ცდილობდა პოლიტიკაში არმყოფ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და საბოლოო ჯამში ზუსტად ესეც იმაზე მიანიშნებს თუ რა ძალებია ჩართული ამ პროცესზე გავლენის მოსახდენად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
გუშინ ივანიშვილის ადვოკატმა საერთაშორისო დავებზე განცხადება გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ ამერიკული სანქციები ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებზე გავრცელდა. შვეიცარულმა ბანკმა ივანიშივილის ცოლს და შვილებს ანგარიშებზე წვდომა დაუბლოკა. ივანიშვილი ელოდება, რომ ლოდონის სასამართლოში პროცესის მოგების მიუხედვად, ვერ მიიღებს ვერც "კრედიტ სუისთან" სადაო 607 მილიონ დოლარს. ჯამში ივანიშვილის ადვოკატის აღირებით, "ოცნების" დამფუძნებელს ერთ მილიარდ დოლარამდე ფული აქვს გაყინული.