რა ხდება კალაძის უწყებაში - ექსპერტები მასშტაბურ კორუფციას არ გამორცხავენ

21.11.25 15:43
რა ხდება კალაძის უწყებაში - ექსპერტები მასშტაბურ კორუფციას არ გამორცხავენ

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, რაც თბილისის მერიის თანამშრომლების დაკავებას ეხება, ექსპერტებს არწმუნებს, რომ კალაძის უწყებაში კორუფციას უფრო მასშტაბური ხასიათი აქვს.

ეკონომისტი ირაკლი აბესაძე არ გამორიცხავს, რომ საბოლოოდ, კახა კალაძის ჯერიც დადგეს.

ბოლო 5 დღის განმავლობაში უკვე ვნახეთ 2 დაკავება თბილისის მერიაში ქრთამის აღებაზე. რა თქმა უნდა, დაუჯერებელია, რომ ცალკეული შემთხვევაა და უფრო მეტიც, მე დარწმუნებული ვარ, რომ დიახ, თბილისის მერიაში იყიდება სასაფლაოები. ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ გარე მოვაჭრეებს ართმევენ ქრთამს, რომ კორუფციაა მშენებლობების ნებართვების გაცემის სფეროში, რომ კორუფციაა სატრანსპორტო სფეროში და ყველა იმ მიმართულებით, რომელიც კალაძის უწყებას აბარია. მერმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მისი უწყება იყოს თავისუფალი კორუფციისგან, მითუმეტეს, რომ არავის სჯერა, რომ ეს არის ცალკეული და ერთეული შემთხვევა. რეალურად, უწყება არის სრულად კორუმპირებული, ამიტომ, როგორც ჩანს, კალაძის ჯერიც მალე დადგება, - ამბობს ეკონომისტი ირაკლი აბესაძე.

კახა კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს კორუფციის მკვლევარი ბესო დანოძეც. მისი თქმით, სწორედ მერის ვალდებულებაა აკონტროლოს ყველაფერი, რაც მის უწყებაში ხდება.  

კახა კალაძის ვალდებულებაა, აკონტროლოს ყველა თანამშრომელი ანუ კახა კალაძის განცხადებები ნიშნავს, რომ ის ვერ აკონტროლებს მერიას. მერიაში მხოლოდ მოადგილეების კონტროლი არ ნიშნავს, რომ კარგი მენეჯერი ხარ ან კარგი მერი ხარ. წარმოუდგენელია, უბრალოდ, არ არსებობს, რომ იმ ადამიანის ზედა რგოლებმა არ იცოდნენ, რას აკეთებენ. კახა კალაძე ვალდებულია, უზრუნველყოს მერიის სამსახურების გამართული მუშაობა და მათ შორის, მერიის სამსახურებში არ უნდა იყოს კორუფცია. დღეს კორუფცია მერიის სამსახურებში არის, - ამბობს ბესო დონაძე. 

ვატო სურგულაძე კი დარწმუნებულია, რომ დაკავებები გაგრძელდება და რაც ახლა ხდება, მხოლოდ დასაწყისია.  

დიახაც, კორუფცია არსებობს და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამაზე. სარევიზიო კომისია გვეუბნება, რომ ყველაფერი კარგადაა, ვამოწმებთო და როგორ არის კარგად? არ არსებობს ქვეყანაში იყო კორუფცია და ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბიუჯეტიან დაწესებულებაში, თბილისის მერიაში კორუფცია არ იყოს და ეს დასაწყისია. ძალიან ბევრი ამოტივტივდება. მერწმუნეთ, გაცილებით მეტი ადამიანი იქნება დაკავებული, - ამბობს ვატო სურგულაძე. 

გუშინ სამართალდამცავებმა დააკავეს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი, რომელსაც გარემოვაჭრეებისგან ქრთამის აღება ედება ბრალად. იგი ბრალის ოფიციალური წარდგენის მოლოდინშია.

რამდენიმე დღით ადრე საჯარო გახდა ინფორმაცია კიდევ ერთი საქმის შესახებ: საჯარო მოხელე ქრთამის სანაცვლოდ სასაფლაო ადგილებს ყიდდა.

 

მსგავსი სიახლეები