მოსამართლე ნინო ენუქიძემ დავით გუნაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმა

21.11.25 15:53
მოსამართლე ნინო ენუქიძემ დავით გუნაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმა

საჯარო მმართველობის სპეციალისტი, სამოქალაქო აქტივისტი, დავით გუნაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს. შსს დაკავებულის მიმართ 60-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ ცოტა ხნის წინ გამოცხადა.

მანამდე სიტყვის თქმით უფლებით ისარგებლა თავად გუნაშვილმა და თქვა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება თავიდან ბოლომდე “ცრუ იყო“.

ეს ბრალდება თავიდან ბოლომდე არის ცრუ. მე ჩემი ცხოვრება მთლიანად მივუძღვენი ამ ქვეყანას, 23 წელი თავდაცვის სამინისტროს რიგებში ვირიცხებოდი და ვმსახურობდი ერთგულად. საჯარო მმართველობის სპეციალისტი ვარ და ავტორი  იმ რეფომების კანონმდებლობაში, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო ამ ქვეყნისთვის,სანამ დაამახინჯებდნენ. მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყნის განვითრებას მივუძღვენი. ჩემი დამოკიდებულება სამართალდამცავი სისტემის მიმართ არის ამ ყველაფრიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ,მე ვრჩები იმ ჩარჩოებში, რიმელსაც ვფოქრობ, რომ გამონაკლისების გარდა, იმსახურებენ ჩვენი სამართალდამცველები. მე არასდროს მიმიყენებია შეურაცხყოფა პოლიციელებისათვის, არასდროს მომიწოდებია რომელიმე სხვა დემონსტრანტისთვის, რომ ეს გაეკეთებინა,როცა ვხედავდი გადამეტებულ სტრესს ან ემოციურ აღგზნებას აქციის მონაწილეებში.  ყოველთვის ვცდილობდი მათ დამშვიდებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ხშირად ჩემი დაკვირევბით, თავად პოლიციის მხრიდან არის ხოლმე პროვოცირებული. აქედან გამომდინარე, ახლა კიდევ უფრო მეტად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ბრძოლა უნდა გავაძლიერო და არ ვეთანხმები [შსს-ს] არცერთ მოთხოვნას, - თქვა გუნაშვილმა პროცესზე.

შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს თბილისში, მსჯავრდებულ მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს. მარშის 13 მონაწილე სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს. დაკავებულებიდან 5 ქალია.