ხალხი საპენსიო სესხების ტყვეობაში - ყოველ მესამე პენსიონერს ბანკის ვალი აქვს
საქართველოში ყოველი მესამე პენსიონერი სესხზეა დამოკიდებული. ოფიციალური მონაცემებით, 465 მილიონი ლარის ოდენობის სესხები 276 ათას პენსიონერსა და სოციალური დახმარების მიმღებს აქვს გაფორმებული. ეს ნიშნავს, რომ ერთ ადამიანზე საშუალოდ დაახლოებით 1 683 ლარი მოდის - თანხა, რომლის დაფარვაც მაღალ პროცენტში და რამდენიმე წლის განმავლობაში უწევთ.
გასული წლის მსგავს მაჩვენებელთან შედარებით, საპენსიო სესხების მოცულობა 42 მილიონი ლარით გაიზარდა. ინფორმაცია ლიბერთი ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშიდან ხდება ცნობილი. სწორედ ლიბერთი ემსახურება ქვეყანაში ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს - პენსიონერებს და მათ, ვინც სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული. სესხები დაახლოებით 26%-იან სარგებელში გაიცემა, რაც დამატებით ფინანსურ ტვირთს ქმნის.
პენსიონერები ხშირად აცხადებენ, რომ მათი შემოსავალი მხოლოდ ყველაზე აუცილებელი ხარჯებისთვისაც კი არასაკმარისია - საკვებზე, მედიკამენტებზე ან კომუნალურებზე. ამის გამო ბევრს დამატებითი სესხის აღება უწევს, რაც მინიმალური პენსიის პირობებში კიდევ უფრო მძიმე ფინანსურ მდგომარეობას იწვევს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.