რუსთაველის გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრია - რა გზავნილები აქვთ მოქალაქეებს
რუსთაველის გამზირზე პროტესტი არ წყდება. აქციის მონაწილეები დღესაც პარლამენტის შენობასთან ერთი გზავნილით დგანან: ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე! მომიტინგეები ამბობენ, რომ სურთ, "ოცნებას" დაანახონ, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ბრძოლა ივანიშვილის პარტიის წინააღმდეგ. ისინი დღესაც ბევრ სიურპრიზს აანონსებენ.
რუსთაველის გამზირზე უკვე მობილიზებულია პოლიციაც.
რაც უნდა შევახსენოთ ერთმანეთს ყოველთვის, როცა დაგვავიწყდება, არის ის, რომ პროტესტს აქვს აზრი, ყოველთვის ცვლის რაღაცას, მინიმალურს თუნდაც. არაერთხელ გვინახავს, რომ ბევრი ადამიანის ერთობას, პროტესტში ჩაბმას, ბევრი ცვლილება მოუტანია ისტორიის განმავლობაში. 28 ნოემბერი სიმბოლური თარიღია და იმედი მაქვს, რომ ბევრ ადამიანს ვნახავ, - ამბობს მომღერალი სოფო ბათილაშვილი.
აქციაზეა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებას არც საკუთარი მოქალაქეების და არც ქვეყნის ბედი აინტერესებს.
სამწუხაროდ, "ოცნებისთვის" უკვე საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს ფასი ნამდვილად არ აქვს. საკმარისია მოშიმშილეების მდგომარეობაც, იმიტომ, რომ 25-ე დღეა შიმშილობენ, რომელიც საკმაოდ კრიტიკულ პერიოდშია უკვე შესული. მარტო მოშიმშილეების კი არა, მთლიანად საქართველოს ბედი არ აინტერესებთ ჩვენს ე.წ. მთავრობას, იმიტომ, რომ მათთვის მთავარია, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს კარგად, - ამბობს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.
რა ხდება რუსთაველზე ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.