შსს ცდილობდა დაკავების დროის გაყალბებას, რადგან ჩვენი ჟურნალისტი 5 საათის განმავლობაში იყო გატაცებული - ნოდარ მელაძე
ტვ პირველის ჟურნალისტის დაკავებას არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ჟურნალისტების დაშინების მცდელობად აფასებს. ნოდარ მელაძის თქმით, "ოცნების" ხელისუფლების მიზანია, მედიაა გააჩუმოს და პროტესტის ეპიცენტრიდან ამბის გამომტანი აღარავინ იყოს.
ამასთან, მელაძე აღნიშნავს, რომ არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი მამნიაშვილი რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
ტვ პირველის ორი გადამღები ჯგუფი მუშაობდა საპროტესტო აქციის დროს. პირველი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა და მეორე, რომელიც ეხმარებოდა ძრითად ჯგუფს მასალების მოპოვებაში.
ის, რომ გიორგი მამნიაშვილი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, ეს დასტურდება არაერთი უტყუარი მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენს იურისტებს გააჩნიათ და რომლის შესახებაც ინფორმირებული იყო შსს. ამის მიუხედავად დააკავეს და პატიმრობაში, იზოლატორში მოათავსეს ჩვენი ჟურნალისტი, როდესაც შეეძლოთ მათ თუნდაც ხელწერილით მისი გამოშვება გვიან ღამითვე. ცდილობდნენ დაკავების შემდეგ დაკავების დროის გაყალბება, იმიტომ, რომ 5 საათის განმავლობაში ჩვენი ჟურნალისტი იყო გატაცებული, რადგან მისი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ აძლევდნენ ადვოკატთან დაკავშირების საშუალებას. იზოლატორში მისი გადაყვანის შემდეგ იყო ღირსების შემლახავი მოპყრობა ჩენი ჟურნალისტის მიმართ.
ყველაფრის მიზანი არის, რომ ჟურნალისტებმა აღარ გააშუქონ ის პროტესტი, რომელიც ქვეყანაში არის, დააშინონ ჟურნალისტები, რომ საპროტესტო აქციებზე იყოს ნაკლები ამბის გამომტანი, ნაკლები ამბის მთხრობელი, თუმაც ჩვენი მედიის პროფესიული მოვალეობაა ვიყოთ იქ, სადაც ხდება ამბები, იქ, სადაც დგას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და საპროტესტო აქციების გაშუქება უწყვეტად გაგრძელდება, - ამბობს ნოდარ მელაძე.
ტვ პირველის დაკავებული ჟურნალისტი ამ დრომდე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. გიორგი მამნიაშვილის ადვოკატის თქმით, იზოლატორში შესახლებამდე ჟურნალისტზე შეურაცხყმყოფელი და კანონით აკრძალული ქმედება განხორციელდა - დაკავებული სრულად გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს.
გელაძის უწყება ჟურნალისტს პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.