"ოცნების" მიზანია, საზოგადოებას არ ჰქონდეს თვალი და ყური - ნათია კუპრაშვილი ტვ პირველის ჟურნალისტის დაკავებაზე
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის განვითარების დირექტორი ნათია კუპრაშვილი ომბუდსმენს მოუწოდებს, ტვ პირველის ჟურნალისტის, გიორგი მამნიაშვილის დაკავების და მასზე განხორციელებული სავარაუდო არაადამიანური მოპყრობით დაინტერესდეს. კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ "ოცნების" მიზანია, საზოგადოებამ ტელეეთერიდან სიმართლე ვეღარ მოისმინოს.
ორ-სამ წამში შეუძლია, გაარკვიოს პოლიციამ, რომ ჟურნალისტთან ნამდვილად აქვს საქმე და თუ მერე უნდა, ასევე შეუძლია, სასამართლოში არკვიოს ეს. მაგრამ ახლა ამაზე კი არ ვსაუბრობთ, რომ ამასაც აღარ აკეთებენ, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანი, როგორც ადვოკატი როგორც ამბობს, ლამის წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. როცა ვსაუბრობთ, რომ ადამიანებს აშიშვლებენ, ბუქნებს აკეთებინებენ, მე ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველის ოფისი სწრაფად უნდა რეაგირებდეს ამ საკითხებზე და არ გვაქვს ეს სახეზე. ცხადია, რომ მიზანია, საზოგადოებას არ ჰქონდეს თვალი და ყური ამ აქციების დროს, ვერ ხედავდეს რა ხდება ან ხედავდეს მხოლოდ იმას, რაც უნდა, რომ სისტემამ დაინახოს, - ამბობს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის განვითარების დირექტორი ნათია კუპრაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ჟურნალისტი გუშინ რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს. გიორგი მამნიაშვილი ამ დრომდე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდება.