როგორია გზის მშენებლობისას ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყოლილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი
როგორია გზის მშენებლობისას დაშავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ცენტრალური საავადმყოფოს მორიგე ექიმის, ბეჟან ხოზრევანიძის განცხადებით, პაციენტს ყველა საჭირო კვლევა უკვე ჩაუტარდა და დაშავებული კვლავ ექიმების ინტენსიური მკურნალობის და მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
მისივე თქმით, მდგომარეობა საყურადღებოა.
პაციენტი სამშენებლო-საგზაო სამუშაოების დროს ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოჰყვა. ამ ეტაპის მონაცემებით, მას ჩვენს კლინიკაში ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში. ამ ეტაპისთვის თავის, გულ-მკერდის და მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმული დაზიანების ნიშნები არ ვლინდება.
დაჟეჟილობებია, პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის, მაგრამ არის საყურადღებო. შეიძლება თირკმლის უკმარისობა განვითარდეს, რამე გამონაჟონი წამოვიდეს. ჯერჯერობით, ჩვენს კლინიკაში რჩება ინტენსიური მკურნალობის და მეთვალყურეობის ქვეშ, - განაცხადა ხოზრევანიძემ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 23 ნოემბერს, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის 4 თანამშრომელი — თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები — ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა და დაიღუპა, ხოლო ერთი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.