რომეო მიქაუტაძის საქმე - დღეს იმ ქონებების ყოფილი მესაკუთრეები დაიკითხებიან, რომლებიც მიქაუტაძემ და მისმა მეუღლემ შეიძინეს

24.11.25 11:41
რომეო მიქაუტაძის საქმე - დღეს იმ ქონებების ყოფილი მესაკუთრეები დაიკითხებიან, რომლებიც მიქაუტაძემ და მისმა მეუღლემ შეიძინეს

რომეო მიქაუტაძის საქმე - დღეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმეზე ბრალდების მოწმეებს დაკითხავს.

მათი ნაწილი ქონებების ყოფილი მესაკუთრეები არიან, რომლებიც მიქაუტაძემ და მისმა მეუღლემ შეიძინეს. ისინი მოყვებიან, რა ვითარებაში მოხდა მიქაუტაძეების მიერ მათი ქონების შეძენა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესზე, დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი, ეკონომიკური ექსპერტიზის ალტერნატიული დასკვნის წარდგენა მოხდება, რომელსაც საქმეს დაურთავენ. 

დაცვის მხარის მტკიცებით, სწორედ ეს დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ ნებისმიერი ქონება, რომელიც მიქაუტაძეებს ჰქონდათ, დასაბუთებულია და ყველა თანხის წარმომავლობა კარგად ჩანს.

დღეს დაიკითხება რამდენიმე მოწმე, თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ვინმე მნიშვნელოვანი მოწმის დაკითხვა არ იგეგმება. ასევე ჩვენ გევქნება შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულებების დართვის შესახებ, ველოდებოდით აუდიტორულ დასკვნას, ბატონი რომეოს და მისი ოჯახის ქონმებრივ მდგოამრეობაზე, ეს დასკვნაა მზადაა და მოვიტანეთ დასკვნა, რომელიც დაერთვება საქმეს. ამ დასკვნით დასტურდება, რომ ამ ოჯახს ჰქონდა შესაბამისი შემოსავლები იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს იმ ბრალდებას, რაც მას აქვს წარდგენილი და დავადასტუროთ, რომ არის აბსურდული. ის შემოსავლები, რაც ამ ოჯახს ლეგალურად გააჩნდა, სრულად ფარავს ბრალდებაში მოყვანილ ციფრებს, - ამბობს ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.

მსგავსი სიახლეები