გურიაში მომხდარი სტიქიიდან 9 თვის შემდეგ, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები ღამეს ისევ ნათესავებთან ათევენ

24.11.25 15:42
გურიაში მომხდარი სტიქიიდან 9 თვის შემდეგ, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები ღამეს ისევ ნათესავებთან ათევენ

გურიაში მომხდარი დამანგრეველი სტიქიიდან ცხრა თვე გავიდა, თუმცა, დაზარალებული ოჯახების დიდი ნაწილი ამ დრომდე უსახლკაროდაა დარჩენილი. 

ისინი იძულებულები არიან ღამე ნათესავებთან გაათენონ, რადგან სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მილიონობით ლარის მიუხედავად, მათი საცხოვრებელი პირობები არ შეცვლილა.

ერთ-ერთი დაზარალებული ოჯახი, ჩხაიძეების ოჯახია, რომლებიც თებერვლის შემდეგ ნათესავთან ცხოვრობენ და ელოდებიან, როდის შეუკეთებენ სახლს, რათა საკუთარი ჭეირს ქვეშ დაბრუნება შეძლონ.

როგორც ოჯახის უფროსი “პირველებს“ ეუბნება, მას შემდეგ, რაც არაერთი შეტყობინება დაუწერა ლანჩხუთის მერიას, მათ უთხრეს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, საკუთარი სახსრებით უნდა გაეკეთებინა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არც ექსპერტიზის დასკვნა აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ოჯახის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ.

მოვითხოვე ექსპერტი, შეამოწმა და კარგიაო, საბუთი არ აქვთ, მერე მითხრა, წადი სამხარაულის დასკვნა გააკეთეო, მე თუ ეს დასკვნა ჩემი ხარჯით უნდა გამეკეთებინა, სახლი თებერვალში დაინგრა და მარტშიც გადავიხდიდი ამ თანხას და გავაკეთებდი. დასკვნასი წერია, რომ სახლი საცხოვრისად უვარგისია, არამდგრადია და ცხოვრება არ შეიძლება. სამი შვილი მყავს, ბიძაშვილთან ვცხოვრობ აგერ. მუშები რომ მოვიდნენ ამის გადასახურად, უარი თქვეს, რადგან არამყარია კედელი, შეიძლება ჩამოიქცეს და დავშავდეთო. შიგნით ლპება ყველაფერი. თუკი სახელმწიფო მე მაძლევს კომპენსაციას, ადამიანს რა სურვილი აქვს იმის, რომ მე მბლოკავს. არჩევებამდე 2-ჯერ ვიყავი ჩასული, სარიშვილს შევხვდი და 4 რიცხვი მაცადეო და 6-ში მე მოვალ და მოგეხმარებიო. შემდეგ ისევ ჩავეწერე შეხვედრაზე და საერთოდ გააუქმა ის შეხვედრა, - ამბობს დაზარალებული.

9 თვის განმავლობაში წვიმდა სახლში, ავეჯი სრულად, რაც კი გაგვაჩნდა, დავწვით და გადავყარეთ, კედლებზე სოკოა ამოსული. ამ მდგომარეობაში არ იცხოვრება, ვითხოვთ, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ოჯახი დაბრუნდეს საცხოვრებლად - ამბობს ოჯახის დიასახლისი.

სად წავიდა თანხები, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გამოიყო, უცნობია. ოპოზიცია კორუფციის და თანხების მითვისებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აუცილებელია დაიწყოს გამოძიება იმის გასარკვევად, რატომ არის დახმარების გარეშე დარჩენილი ამ დრომდე ასობით მოქალაქე გურიაში.

მათი თქმით, “9 თვის მანძილზე სამჯერ გაგზავნეს მოთხოვნა, ვის მისცეს კომპენსაცია, ვის სახლები გადაუხურეს, თუმცა, დღემდე პასუხი არ მიუღიათ“.

მხოლოდ ერთი რამაა საჭირო, გამოძიება, თუ გამოძიება არ დაიწყება ამ მილიონების შესახებ და მოსახლეობას არ ექნება პასუხი, ჩათვალეთ, რომ კიდევ ვიღაც ჩინოვნიკები არიან გამდირებულები, მოიწყვეს საკუთარი ცხოვრება და ეს მოსახლეობა, როგორც ბევრ რამეში, დაიკიდა ფეხებზე. მაქვს ინფორმაცია, რომ ისეთ ოჯახებზეა ეს თანხები გაწერილი, რომლებიც საერთოდ არ ცხოვრობენ იქ, - ამბობს ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენელი.

ჩხაიძეების ოჯახი ერთადერთი არაა, რომლებსაც 9 თვის მანძილზე ნათესავთან უწევს ცხოვრება. მსგავსი პრობლემით რეგიონში ბევრი ოჯახია, თუმცა, “პირველებს“ მცდელობის მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კითხვებზე, ჯერჯერობით, არ პასუხობენ.