კომპანიას, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს, 2019 წელს მსოფლიო ბანკმა ტენდერებში მონაწილეობა აუკრძალა
კომპანია, რომელიც ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, არაერთ სკანდალშია გახვეული.
- მიმდინარე წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის კორპორაციას (CRCC) და მის ორ შვილობილ კომპანიას, — ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის საერთაშორისო კორპორაციას (CRCC International) და ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს (CR23), — საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტზე გამოვლენილი დარღვევების გამო, მსოფლიო ბანკმა 9 თვით აუკრძალა საკუთარ ტენდერებში მონაწილეობა.
გზების დეპარტამენტში „პირველებს“ დაუდასტურეს, რომ სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე სწორედ სანქცირებული ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი ატარებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 23 ნოემბერს, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის 4 თანამშრომელი — თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები — ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა და დაიღუპა, ხოლო ერთი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.