სინდისის პატიმარი პაატა სალიას: მობრძანდით ციხეში და თქვენი თვალით ნახავთ, რა პირობებში ვართ
სინდისის პატიმარი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი სასამართლო სხდომაზე ციხეში არსებულ მძიმე პირობებზე საუბრობს და პაატა სალიას პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლას და არსებული ვითარების ადგილზე გაცნობას სთავაზობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯავახიშვილი კატეგორიულად ითხოვს, გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები, თუ როგორი პირობებია ციხეში.
სინდისის პატიმრის თქმით, მისი პატიმრობის განმავლობაში, 2 პატიმარი ცემით მოკლეს, 3 ბადრაგი დაჭრეს, ზოგს ყელი გამოჭრეს, 16 პატიმარს კი სცემეს.
მინდა მოვიკითხო და მხნეობა ვუსურვო ყველა სინდისის პატიმარს. ასევე მინდა გამოვეხმაურო პენიტენციური სამსახურის დეპარტამენტს და ადმინისტრაციას. როცა რაიმე განცხადებას გააკეთებთ,თქვენ ჯერ თავის მართლების რეჟიმში გადადიხართ მერე აკეთებთ საქმეს (ეგეც თუ გააკეთეთ). მოგმართავთ სასამართლო დარბაზიდანაც, ვილაპარაკებ ხმამაღლა იმაზე თუ როგორ ექცევით პატიმრებს, ჩემი თავი ჯანდაბას ( ჩვენ სინდისის პატიმრები არ დავიწყებთ წუწუნს რადგან ჩვენი კერპი მერაბ კოსტავაა) მაგრამ ჩვენს გარდა 3000-ზე მეტი პატიმარია. პაატა სალიას მივმართავ რომ მობრძანდით N8 პენიტენციურ დაწესებულებაში და საკუთარი თვალით მაინც ნახავთ თუ რა პირობებში გვიწევს აქ ყოფნა ან კატეგორიულად მოვითხოვ ვიდეომეთვალყურეობის გასაჯაროებას. კიდევ ორიოდე სიტყვით გამოვეხმაურები ლევან მაჭავარიანის განცხადებას. მან ასეთი რამ თქვა: „ ციხეში ძალიან კარგი პირობებია, ვინც გამოდის მადლობებს იხდიანო, თქვენ 2012 წლამდე უნდა გენახათო“ - ლევან, რამდენმა კაცმაც ამ კომენტარის გამო შეგაგინა ჩემდათავად ერთი არ აგცდეს. რომელ პირობებზე ლაპარაკობთ? ჯერ 1 წელია რაც აქ ვარ და 2 პატიმარი ცემით მოკალით პირდაპირი მნიშვნელობით, 3 ბადრაგი დაჭრეს, ზოგს ყელი გამოჭრეს. 16 პატიმარი ცემეს ( ეს რაც გავიგონე და რაც ვერა, რამდენია?) ექიმი არ არის, საჭმელი არაა, კარადებში ტარაკნები დარბიან, მაღაზიის პროდუქტი ორჯერ ძვირია ვიდრე გარეთ. ბევრი რომ არ ვილაპარაკო იმაზე, რაც იცით და ხმას არ იღებთ, შემოდით და ვნახოთ რას ნიშნავს კარგი პირობები. როგორი ცუდი პირობებიც არ უნდა იყოს, ეს ჩვენს შემართებას ვერაფერს დააკლებს,- თქვა ჯავახიშვილმა პროცესზე.
სინდისის პატიმარი საზოგადოებასაც მიმართავს:
“არ შეშინდე გაბრაზდი, გაბრაზდი და აჯანყდი, აჯანყდი და დაასრულე რუსული რეჟიმი, მოქმედება,მოქმედება მოქმედება...“
„მაინტერესებდა, ყოველთვის როგორ ბოროტდება ადამიანი, როცა უსამართლოდ მოექცნენ. როცა ხედავ შენ ტოლ გოგო ბიჭებს, როცა ე.წ. პოლიცია იჭერს, როცა ხალხი სახლის გარეშე რჩება, როცა ხელფასებს იზრდიან და პენსიონრებს 300-400 აქვთ. პოლიციელებო გაბოროტებული ადამიანები გინახავთ? თითოეულს მოგიწევთ პასუხის გება... აგეკრძალებათ ყველანაირი კონტაქტი გარესამყაროსთან...“,- ამბობს ის.
ცნობისთვის, პაატა სალიამ “შაბათის ეთერში“ პატიმრების ბრალდებებს, მატლიან და გაფუჭებულ საკვებზე, შემდეგნარიად უპასუხა:
"ერთეული შემთხვევები მაღალი კლასის რესტორანშიც შეიძლება მოხდეს, ყველა ვყოფილვართ საზღვარგარეთ, მე მაგალითად, რომში, რესტორანში შემხვედრია საკვებში მატლი და ოფიციანტმა მითხრა, რა მოხდა, ნატურალური არისო"- უთხრა სალიამ "შაბათის ეთერს".