"შეწყვიტეთ შიმშილობა" - "ოცნება" მოშიმშილეებს მიმართავს
"ქართული ოცნება" პარლამენტთან მოშიმშილე ადამიანებს მოუწოდებს, პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტონ. ამგვარი განცხადება ივანიშვილის გუნდში დღეს პირველად გაჟღერდა.
თენგიზ შარმანაშვილი ამტკიცებს, რომ პროტესტის ეს ფორმა შედეგს ვერ გამოიღებს და უმჯობესი იქნება, რომ აქციის მონაწილეებმა შიმშილობა შეწყვიტონ.
ეს პროტესტი არ გაამართლებს. ასეთი რაღაც წარმოუდგენელია. მაშინ ნებისმიერი ადამიანი ასეთ თვითგვემას ჩაიდენს და სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლას მოითხოვს და წარმოუდგენელია, რომ ამას აყვეს ვინმე. მოვუწოდებ მათ, რომ შეწყვიტონ ეს საკითხი და დაუბრუნდნენ ჩვეულ ოპონირების ფორმებს. თუ რადიკალიზმი და ექსტრემიზმი მოშორდება ერთმანეთთან ურთიერთობებს, მაშინ იქნება ყველაფერი რიგზე.
შეცდომები, რომელიც ოპოზიციამ დაუშვა, ჩვენი ბრალი არ არის. ჩვენ არ გვბიძგებია. პირიქით, ვეუბნებოდით მათ, რომ "შემოდით პარლამენტში", - ამბობს შარმანაშვილი.
მსგავს განცხადებას აკეთებს ირაკლი ქადაგიშვილიც, რომელიც ამბობს, რომ მოშიმშილე ადამიანების ნებაზე ვერ ივლიან.
თუ ეს უკვე ჯანმრთელობას კრიტიკულად ეხება, მაშინ მათ შორის ექიმების ჩარევითაც უნდა მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება. ის, რომ ვიღაცას არ მოეწონა არჩევნების შედეგები და ამის გამო კონკრეტული ადამიანი ან ჯგუფი პირებისა შიმშილობს, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი დემოკრატია და არჩევნები, ასევე საზოგადოება, მოშიმშილე ადამიანის ნებაზე უნდა მოქმედებდეს, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან უწყვეტი პროტესტი გრძელდება. შიმშილობის 28 დღეს მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.