სტიქიის პირისპირ მიტოვებული ხალხი - სად წავიდა ფული?
ჩხაიძეების 5 სულიანი ოჯახი ერთერთია იმ ათობით ოჯახს შორის, ვისაც გურიაში მომხდარმა სტიქიამ საცხოვრებელი სახლები ისე დაუზიანა რომ ადამიანები იძულებული არიან ღამეები ახლობლებთან და მეზობლებთან გაათენონ. უსახლკაროდ დარჩენილებს ამ პირობებში ცხოვრება ბოლო 9 თვეა უწევთ, რადგან სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მილიონობით ლარის მიუხედავად, მათი საცხოვრებელი პირობები არ შეცვლილა. არადა, ლანჩხუთის მერიას არერთხელ მიმართეს და სამხარაულის დასკვნაც არსებობს რომლითაც დასტურდება, რომ მათი სახლები საცხოვრებლად უვარგისია და სიცოცხლისთვის სახიფათოა.
ანალოგიური ვითარებაა ოზურგეთშიც, სადაც ხალხისთვის გამოყოფილი მილიონები ხალხთან ამ დრომდე არ მისულა. სტიქიის შედეგად დაზარალებულები უკვე 9 თვეა საკუთარ სახლში შესვლას და ღამის გათენებას ვერ ახერხებენ, რადგან საცხოვრებლები სრულადაა განადგურებული, დაბზარულია კედლები, ჩამოშლილია სახურავები, დაზიანებულია ავეჯი და ტექნიკა, შესაბამისად ასეთ სახლებში ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათოა.
ამ ფონზე კი "TV პირველმა" მოიპოვა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება რომ დახმარებები მიიღეს "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებმა. მათ შორის, ირკვევა რომ იმ სახლების რეაბილიტაციისთვის, სადაც არც კი ცხოვრობენ.
დღეს გურიაში სამთავრობო შენობები პრაქტიკულად პარალიზებული იყო, რომ "ქართული ოცნების" წევრებისთვის კითხვები არ დაგვესვა, მაგრამ კრიტიკული კითხვების მოსმენა მაინც მოუწია გუბერნატორის მოადგილეს.
"ქართული ოცნების" ოპონენტები კორუფციასა და თანხების მითვისებაზე საუბრობენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.