„ოცნება“ ონლაინ მედიის წინააღმდეგ - პოლიტიკური განცხადებების დღე პარლამენტში
"ქართული ოცნების" სამიზნეები დღეს ონლაინ მედიები გადნენ. პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატებმა ონლაინ გამოცემები პირდაპირ პოლიტიკური შეტევის თანამონაწილეებად გამოაცხადეს. ივანიშვილის გუნდის წევრებმა ონლაინ გამოცემებს თავისუფალ მედიას ამოფარებული საინფორმაციო ტერორიზმი უწოდეს.
აგენტოკრატების პატრონები მიხვდნენ, რომ კომპრომეტირებული პოლიტიკოსები ქართულ პოლიტიკაში ამინდს ვეღარასდროს შექმნიან. მათმა პატრონებმა ასე გადაწყვიტეს, რომ ავანსცენიდან ასე რიგ-რიგობით ჩამოხსნილი აგენტოკრატები ახალი, კარგად ორგანიზებული მედიას სინდიკატით ჩაანაცვლონ. ორი დღის წინ ჩვენ ვნახეთ უცხო ქვეყნის პირდაპირ პოლიტიკური ინტევრენცია მედია სინდიკატის მეშვეობით. მეგობრებო, ეს არის ყველაზე ძვირადღირებული საინფორმაციო სპეცოპერაცია საქართველოში. ეს არ არის მედია, მემგონი, ვთანხმდებით და ეს არის ჩრდილოვანი მართვის სინდიკატი. ჩრდილოვანი მმართველობა, ფსევდოღირებულებები, თავისუფალ მედიას ამოფარებული საინფორმაციო ტერორიზმი ლიბერალური ფაშიზმის კლასიკური გამოვლინებაა, - თქვა დღეს გიორგი გაბუნიამ.
დეპუტატების სამიზნე იყო დღეს ოპოზიციაც. თორიკე ფაღავამ ოპონენტებს სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედებაში დასდო ბრალი.
თავდაპირველად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში მსგავსი მასშტაბის ინვესტიციის განხორციელებას გამორიცხავდნენ და ამბობდნენ, რომ ასეთი პრესტიჟული კომპანია ჩვენს ქვეყანაში არ შემოვიდოდა. ეს იყო მათი ძირითადი პროპაგანდისტული ხაზი. მაგრამ, ზუსტად ორ თვეში, როგორც კი ეს პროექტი რეალური გახდა და უკვე ინვესტორები საქართველოში არიან, პროპაგანდისტული ხაზით შეცვალეს და ახლა უკვე ირწმუნებიან, რომ ეს უპრეცედენტო ინვესტიცია ქვეყნისთვის საშიშია, კომპანიას კი არ გააჩნია რეპუტაცია და სრულიად უსირცხვილოდ და უტიფრად გვიმტკიცებენ საპირისპიროს. თითოეული მათი ნაბიჯი ადასტურებს, რომ ეს ხალხი არა "ქართული ოცნების" ოპოზიციაში, არამედ ისინი ჩვენი სამშობლოს, ჩვენი სახელმწიფოს ოპოზიციაში დგანან, - თქვა სხდომაზე თორნიკე ფაღავამ.
არ დავიწყებით არც ევროკავშირი. ივანიშვილის გუნდის წევრი გიორგი სოსიაშვილი დღეს ამტკიცებდა, რომ "ჯანსაღი ევროპა" სურთ.
ფაქტობრივად, ცეცხლის რკალში მშვიდობის კუნძულად გადავიქეცით. ამაზრზენად იქცა თითქმის ყოველდღე ევროკავშირის სტრუქტურებში მოკალათებული ზოგიერთი პოლიტიკოსის ასე დაჟინებით ამოჩემება ჩვენი ხალხის. დიახ, ჩვენი გვინდა ევროპა. გვინდა ჯანსაღი ევროპა, ჩენ მივილტვით ამ ჯანსაღ ევროპულ ოჯახში. გულსატკენია, რომ ჭკუას გვარიგებენ ის ადამიანები ჩვენ - მარტა კოსი, კუბლიუსი და სხვანი, თუ რა არის მშვიდობის და რა არის ომის ფასი. ფასეულობებისთვის ბრძოლაში მზად ვართ, ყველა დარტყმა მივიღოთ. ჩვენ არ შეგვაშინებს არანაირი სანქციები, არანაირი შანტაჟი, - თქვა გიორგი სოსიაშვილმა.