ყოფილი საჯარო მოხელე ამბობს, რომ სამსახურიდან ნუცა ბუზალაძის შესახებ გაზიარებული პოსტის "დაჰაჰავების" გამო გაუშვეს
(ა)იპ „სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ ყოფილი თანამშრომლი, ნინო ხაზალაშვილი ამბობს, რომ სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ახალციხის მერიის მიერ საახალწლო კონცერტზე ჩამოყვანილი ნუცა ბუზალაძის პოსტი „დააჰაჰავა“.
დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ინფორმაცია sknews.ge-მ დღეს, 25 ნოემბერს გამოაქვეყნა.
ნუცა ბუზალაძის შესახებ პოსტი 2024 წლის 18 დეკემბერს ახალციხელმა აქტივისტმა, ალექსი გრიგალაშვილმა გააზიარა. იმ დროისთვის თბილისში, რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. პოლიციელები და სპეცრაზმელები აქციის მონაწილეეებს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს ფიზიკურად უსწორდებოდა, დაშავდა ათობით ადამიანი. ამ პერიოდში ნუცა ბუზალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში არსებული დაძაბული მდგომარეობის გამო, ნიუ იორკში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა, თქვა, რომ მისთვის რთული იყო „გამოენახა ძალა სცენაზე მაყურებლის წინაშე წარსადგენად“. ამ პოსტიდან მალევე, ნუცა ბუზალაძე ახალციხის მერიის შეთავაზებას დასთანხმდა და საახალწლო კონცერტზე იმღერა. მან ამაში 18 000 ლარი მიიღო.
მოქალაქეების პროტესტი სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია, ისინი სოციალურ ქსელში მომღერალს აკრიტიკებდნენ.
ცნობისთვის, ახალციხის მერიის ა(ა)იპ „სამცხე–ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ (DMO) უკვე ყოფილმა თანამშრომელმა, ნინო ხაზალაშვილმა მიმდინარე წლის იანვარში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. იგი წერდა, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი ერთ-ერთი „პოსტის დაჰაჰავების“ გამო მოხდა, თუმცა არ წერდა, ვის პოსტზე გამოხატა რეაქცია. ა(ა)იპ “სამცხე–ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ (DMO) ხელმძღვანელი, დავით მუმლაძე უარყოფს, რომ მისი ყოფილი თანამშრომელი ნინო ხაზალაშვილი „პოსტის დაჰაჰავების“ გამო გაუშვა.