სააპელაციომ ნიკა კაციას საქმეზე პროკურატურის საჩივრის განხილვა დაიწყო
სააპელაციო სასამართლომ ნიკა კაციას საქმეზე პროკურატურის საჩივრის განხილვა დაიწყო. სახელმწიფო ბრალდება კაციას მიმართ გამოტანილ გამამართლებელ ვერდიქტს ასაჩივრებს და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ჟურნალისტის უკან ციხეში გაშვებას ითხოვს.
საქმეს მოსამართლეთა კოლეგია იხილავს ნინო ჩახნაშვილის თავმჯდომარეობით. ცოტა ხნის წინ სხდომაზე ვრცელი სიტყვით წარსდგა ნიკა კაცია, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით იყო დაკავებული და სასამართლოს უთხრა, რომ 9 თვის განმალობაში უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა.
სასამართლოს დაწყებამდე კაციამ კომენტარი მისცა "პირველებს" და თქვა, რომ პროკურატურას ბრალის დამამტკიცებელი მტკიცებულებები საქმეში არც ადრე ჰქონდა ვერც ახლა ექნება.
სიმართლე ვთქვა, არ ვეძებ არანაირ შინაარსს, სიღრმეში არ შევდივარ ამ ამბის, იმიტომ, რომ წელიწადზე მეტია ადამიანები ვუყურებთ სრულ აბსურდს. რატომ მაწვალებენ, რა უნდათ? ცოტა მეცინება, იმიტომ, რომ ცირკი ბავშვობაში არ მიყვარდა და მართლა ამ განწყობით მოვდივარ, რომ უნდა გავერთო, მაგრამ ცუდი ამ ამბავში ის არის, რომ ეს ტრაგედიები, რომელიც სერიებად გვაქვს მოცემული და ხელისგულზეა, არ არის არავის პირადი ისტორია. ეს არის ქვეყნის ამბავი და ამ ამბავში ხელწერა არის რუსული. მტკიცებულებები, რომელიც არ არსებობდა და ყველამ იცის ეს ამბავი, არ არსებობს არც ახლა. მეტიც, ექსპერტიზაზე დატოვებული ტელეფონი და განცხადება ტელეფონის ექსპერტიზის შესახებ გაფორმდა იანვარში და დღემდე ექსპერტიზა არ დაწყებულა. მაინტერესებს, რეჟიმს სადამდე შეუძლია იყოს ბოროტი, რომ გაერთოს ასე ადამიანების წვალებით. სამართლებრივ ნაწილს რაც შეეხება, ჩემი ადვოკატიც ხშირად ამბობს, რომ ოდნავ მაინც სამართალთან რომ ჰქონდეს შეხება, რავიცი, აქ არ ვიქნებოდი", - ამბობს ნიკა კაცია.
3 სექტემბერს პროევროპული აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაცია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.