სკანდალი: მოწმეებმა სუსის გამომძიებლები ჩვენების გაყალბებაში ამხილეს
სუს-ის გამომძიებლები „ქართული ოცნების" მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ჩვენების გაყალბებაში და მოწმეებზე სავარუდო ზეწოლაში არიან მხილებულები.
სკანდალური განცხადება დღეს პროკურატურის მოწმეებმა ერთმანეთის მიყოლებით პირდაპირ სასამართლოში გააკეთეს. თქვეს, რომ კორუფციის ბრალდებით დაკავებული რომეო მიქაუტაძე მათ გამოკითხვის დროს არ უხსენებიათ, მის წინააღმდეგ არც ჩვენება მიუციათ, თუმცა რომეო მიქაუტაძის სახელი ოქმში გამომძიებლებმა თავად ჩაწერეს.
პირველი მოწმე, რომელმაც ანტიკორუფციულის ბიუროს გამომძიებლები ჩვენების გაყალბებაში ამხილა, ინგა რუხაძე იყო. პროკურურატურამ ის მოიყვანა, რათა რუხაძეს ესაუბრა ბინაზე, რომელიც მან 5 წლის წინ ნინო მიქაუტაძეზე გაასხვისა.
გამოკითხვის ოქმში წერია, თითქოს რომეო მიქაუტაძე ამ უძრავი ქონების შეძენაში აქტიურად იყო ჩართული, თუმცა დღეს მოწმემ პირდაპირ თქვა, რომ გამოკითხვის დროს რომეო მიქაუტაძე არ უხსენებია და არც თვალით უნახავს.
ბეთლემის ქუჩაზე მქონდა საოჯახო სასტუმრო, შენობა ავარიული იყო დაახლოებით 5 წლის წინ გავყიდე. შეიძინა ნინო მოქაუტაძემ 250 ათასად. დასათვალიერებლად მხოლოდ ნინო იყო მოსული, ბატონი რომეო არ მინახავს. თანხას ერთი წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ იხდიდა. გადაფორმების დროს ქალბატონ ნინოს ვიღაც კაცი ახლდა, მგონი მეორე მეწილე. ჩემს გამოკითხვის ოქმში რაც წერია, რომ ადგილზე იყო რომეო მიქაუტაძეც, მე ეს გამომძიებლისთვის არ მითქვამს.ეს პიროვნება მხოლოდ ფოტოში თუ მყავს აქამდე ნანახი, - თქვა პროცესზე რუხაძემ.
მეორე მოწმე, რომელმაც ასევე თქვა, რომ მისი ჩვენების ინტერპრეტაციას ჰქონდა ადგილი გამომძიებლების მხრიდან, იყო სალომე ასათიანი. მოწმემ მისი მამის მირ გასხვისებულ უძრავ ქონებაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტზე მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია, ამის მიუხედავად, გამოკითხვის ოქმში მომხდარის დეტალური აღწერა არსებობს.
“დაახლოებით 7-8 წლის წინ გაასხვისა ოჯახის კუთვნილი უძრავი ქონება მამაჩემმა. მისგან ვიცი, რომ ხელშეკრულების შესაბამისად გადაიხადეს სრული თანხა რომეო მიქაუტაძემ და ნინო მიქაუტაძემ. არ მახსოვს ზუსტი ღირებულება თუ მითხრა მამაჩემმა… 85 ათასი, რომელიც ჩემს ჩვენებაში წერია, შეიძლება თვითონ გამომძიებელმა მითხრა, - თქვა სხდომაზე ასათიანმა.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს კიდევ ერთმა მოწმემ, ბესიკ არეშიძემ. მისი თქმით, გაყიდა მიწის ნაკვეთები, თუმცა მყიდველთან პირისპირ კომუნიკაცია არ ჰქონია.
ჩემს საკუთრებაში არსებული წყნეთში მდებარე მიწის ნაკვეთები დაახლოებით 3 წლის წინ გავყიდე. ტელეფონით დამიკავშირდა მყიდველი, ნოტარიუსში რომ მივედი ვნახე ნინო მიქაუტაძე. ორივე მიწის ნაკვეთი 320 ათას დოლარად გავყიდე და კიდევ დამიმატეს მანქანა. 400 ათასად მინდოდა გაყიდვა და დარჩენილი თანხის მანქანა გადმომიფორმეს. ამ მიწის ნაკვეთებზე 2 სართული იყო აშენებული, გადაუხურავი და გაურემონტებელი. როცა ტელეფონით კომუნიკაცია მქონდა მყიდველთან, ძირითადად კაცი მესაუბრებოდა, სახელით არ გამცნობია. მე ვინც მესაუბრებოდა, ის პირადად არ შემხვედრია, - თქვა მოწმემ.
სასამართლოს ჩვენება მისცა დღეს ბიზნესმენმა ლაშა იორდანაშვილმაც. გამოძიების ვერსიით, ის რომეო მიქაუტაძესთან თანამშრომლობდა.
იორდანაშვილმა დღეს ხაზგასმით თქვა, რომ ნაცნობობით საქმის გადასაწყვეტად და უპირატესობის მისაღებად მიქაუტაძისთვის არასდროს მიუმართავს.
ენერგეტიკის სფეროში ვმოღვაწეობ. რამდენიმე კომპანია გვაქვს. წლებია ვიცნობ რომეო მიქაუტაძეს.. კომპანია “ჯეოკრაფტიც” ჩვენ შევიძინეთ. ნახიდურის პროექტი როცა სამშენებლო ფაზაში იყო, რომეომ გამაცნო მისი ძმა გიორგი მიქაიტაძე და თემურ ქურხული. გრძელი მოლაპარკაებები იყო მშენებლობაზე.. ჰქონდა თუ არა ამ კომპანიაში რაიმე ინტერესი რომეო მე არ ვიცი. არ მახსოვს მაშინ იყო თუ არა საჯარო მოხელე. არ ყოფილა შემთხვევა რომ ნაცნობობით საქმის გადასაწყვეტად, უპირატესობის მისაღებად რომეოსთვის მიმემართოს. რომეო მიქაუტაძე დახმარებია ძალიან ბევრს, არა უკანონოდ, არამედ იქიდან გამომდინარე რომ იყო დარგის კურატორი, - თქვა პროცესზე ბიზნესმენმა.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.