ირაკლი ჩხვირკია: ყაველაშვილის დასაჭერად იქ არ შევდიოდი, ფეხი არ გადამიდგამს ეზოში
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ირაკლი ჩხვირკია საქმის პროკურორს სიცრუეში ადანაშაულებს - ყოფილი პოლიციელი ამბობს, რომ პროკურორმა იცრუა, როცა თქვა, რომ ის თითქოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში მოქმედებებს აწარმოებდა.
ყაველაშვილის დასაჭერად იქ არ შევდიოდი, არ შევსულვარ, ფეხი არ გადამიდგამს ეზოში, არ მისვრია, არავინ დამიზარალებია - განაცხადა სასამართლო დარბაზში ჩხვირკიამ.
4 ოქტომბრის აქციის მონაწილემ პროცესზე პირდაპირ თქვა, რომ "სისტემა შეურაცხყოფილია, წაქცეულია, განადგურებულია, სულს ღაფავს".
„ჩემი სამშობლოსთვის კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია, საქართველოს ისტორიაში პირველი ადამიანი ვარ, რომელსაც 225-ე მქონდა წაყენებული, ორგანიზატორობა და გავმართლდი, ეს იყო 7-8 წლის წინ და მაქვს გამოცდილება.
წლების წინ ვიყავი პოლიციელი, გამოძიებასთანაც კარგად ვარ და სისხლის სამართლის კოდექსთანაც არამიშავს ურთიერთობა მაქვს... წინა საქმეზე მე დავუმტკიცე სასამართლოს, რომ პროკურატურა ატყუებდა და თვალწინ უყალბებდა მტკიცებულებებს....
ნებისმიერი ჩემი უკმაყოფილება, ბრაზი არ მინდა პირად შეურაცხყოფად მიიღოთ... პირველივე სასამართლო სხდომაზე, პირველივე წინადადებაში, ბატონმა პროკურორმა იცრუა, ეს არ ვიცი შეგნებულად გააკეთა თუ კადრები არ უნახავს. არ მიყვარს ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, თუმცა სისტემა შეურაცხყოფილია, წაქცეულია, განადგურებულია, სულს ღაფავს..
იცრუა, როცა თქვა, რომ ჩხვირკია პრეზიდენტის ეზოში მოქმედებებს აწარმოებდა... ზუსტად ვიცი ჩემი მოქმედებები, წამი-წუთი ვიცი, სად გავიარე და რა გავაკეთე...ზუსტად მახსოვს რომელ კადრზეა ლაპარაკი, როცა მე ეს მოქმედებები ვიდეოზე არ მინახავს. როცა დამაკავეს ვუთხარი მოიტანეთ ყველაფერი მეთქი, ყველა კამერა, მაგრამ დღეს არ გვაქვს საშუალება ამოვიღოთ პრეზიდენტის შენობაზე დაყენებული კამერები, რომელიც უყურებს ეზოს...
ბატონმა პროკურორმა იცრუა, არ ვამბობ, რომ შეგნებულად, არ ვაყენებ შეურაცხყოფას.. ეს არის ფაქტი, საერთოდ არ ვარ ეზოში, ვდგავარ ასფალტზე, გაზმა შემაწუხა, ავიფარე სახეზე ხელი, სუნთქვა მიჭირდა, კი არ შემასხეს, ეტყობა გასხმული იყო, ღრუბელი გაზის დამეჯახა და ცუდად გამხადა. თვალდახუჭულმა დავინახე ციმციმი სასწრაფოსი და ცალ თვალს ვახელდი, რომ იქამდე მივსულიყავი
თუ მე დღეს მოგატყუებთ და ტყუილში გამომიჭერთ, გაქვთ უფლება ხვალინდელი ჩემი არც ერთი სიმართლე არ დაიჯეროთ.
მურთაზ ზოდელავას ვიცნობ დიდი ხანია, ჩემს უფროს მეგობრად ვთვლი, ირაკლისაც ვიცნობ, პაატაც გავიცანი, ბურჭულაძეს ერთხელ ან ორჯერ მყავს ნანახი, ახლო კომუნიკაცია არ მქონია.. ჩემი გამოცდილება 2017-2018 წლიდან გამომდინარე და ის უნარები, რაც ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ შემძინა, მეხმარება იმაში, რომ წინასწარ განვსაზღვრო...
შემთხვევით არ აღმოვჩენილვარ, ჩემი ნებით წავედი, გავყევი ხალხის მასას და პირველად იქ არ ვყოფილვარ, აქცია არ მაქვს გამოტოვებული ალბათ, სადაც არ ვყოფილვარ, არასდროს მიძალადია, ერთხელ დამაკავეს ინტერვიუს გამო ბათუმში და გამამართლეს...ჩავედი თუ არა დავინახე იყო მოგლეჯილი ღობე. და ადამიანების გარკვეული რაოდენობა გადადიოდა და გადმოდიოდა...მუხლობრივად შეიძლება არ ვიცოდი, მაგრამ ჩემთვის გასაგები იყო, რომ თუ მე იქ გადავიდოდი სურათის გადასაღებად დამეკისრებოდა პასუხისმგებლობა.. ყაველაშვილის დასაჭერად იქ არ შევდიოდი, არ შევსულვარ, ფეხი არ გადამიდგამს ეზოში, არ მისვრია, არავინ დამიზარალებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მე იმ ტერიტორიაზე ყოფნის უფლება მქონდა, ამის უფლება ჯერჯერობით არავის ჩამოურთმევია...
...ჩემი მხრიდან აბსოლუტურად გააზრებულად არ ჰქონია რაიმე დანაშაულებრივ მოქმედებას ადგილი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პროკურორმა იცრუა, ჩემს თავში დავიტოვებ, რომ კადრები არ უნახავს...13-წამიანი მტკიცებულებაა, სადაც 45%-ით ვარ აღბეჭდილი, ვაღიარებ, ვიყავი, ეს დანაშაული არ არის.
სსკ-ის 225-ე მუხლს აქვს სტანდარტები, მედავებიან მონაწილეობას, უმოქმედობით ვერ...“- თქვა ირაკლი ჩხვირკიამ ( რადიო თავისუფლების მიხედვით).
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულები აღკვეთი ღონიძიების საკითხზე მოსამართლის ვერდიქტს ელოდებიან
განსასჯელის სკამზე პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი სხედან, გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი კი საქართველოში არ იმყოფება. სხდომას მისი ადვოკატი ესწრება.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.