კოტე კოკაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - დაკავებული სასამართლოს ვერ დაესწრება
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კონსტანტინე (კოტე) კოკაია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას მისი შვილი, ნინი კოკაია ავრცელებს.
სინდისის პატიმარს მაღალი წნევა და სიცხე აქვს, აღენიშნება მესამე ხარისხის გულის უკმარისობა.
ნინი კოკაია აცხადებს, რომ 64 წლის პატიმარი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს და რომ მისი ჯანმრთელობის პრობლემები "ციხის პირობებში ძალიან რთული სამართავია".
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ისევ ჩვენი მოთხოვნით ციხეში იყვნენ შესულები ექიმები: უროლოგი, ოფთალმოლოგი და კარდიოლოგი. კონსულტაციის შემდეგ დაინიშნა დამატებითი კვლევები, რომლებიც ამ დრომდე არ ჩატარებულა.
ასევე, თვითონ ციხის სამედიცინო დასკვნა გვაქვს, სადაც წერია, რომ აქვს გულის უკმარისობა მესამე ხარისხის, რაც საყურადღებოა და ციხის პირობებში ძალიან რთული სამართავია. ამ ყველაფერს დაემატა დღევანდელი ზარი, რომ საკმაოდ დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, აქვს მაღალი წნევები და აქვს მაღალი სიცხეები რის გამოც სასამართლო პროცესზე ვერ შეძლებს დასწრებას.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს გარეთ, იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და იმედი მაქვს, რომ პროკურატურა გაითვალისწინებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას," - ამბობს ნინი კოკაია.
64 წლის კოტე კოკაია 4 ოქტომბრის საქმის ფარგლებში დააკავეს.
- პროკურატურა მას სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირებასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილებას ედავება.
- ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კოკაიას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.