მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა
სასახლის ღობის საქმე - სასამართლომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ კი აღკვეთის ღონისძიება გირაო არის გამოყენებული.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა კალიჩენკომ მიიღო.
განსასჯელის სკამზე ისხდნენ დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კოსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრი თირქია.
ცნობისთვის, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ია დარახველიძე და გიორგი ჩახუნაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.