თბილისში დღეს მასშტაბური საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება
თბილისში დღეს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა იგეგმება. დაგეგმილია ორი პარალელური მსვლელობა: 19:00 საათზე ერთი კოლონა წამოვა თსუ-ის პირველი კორპუსიდან, ხოლო მეორე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის მხრიდან.
20:00 საათზე ორივე ჯგუფი პარლამენტთან შეიკრიბება, სადაც მრავალათასიან აქციას შეუერთდებიან პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ოპოზიციაც.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება.
დღევანდელი აქცია დაკავშირებულია იმ განცხადების წლისთავთან, რომელიც ირაკლი კობახიძემ გასულ წელს გააკეთა: „ქართული ოცნება“ 2028 წლამდე არ განიხილავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია საზოგადოებრივი პროტესტი, რომელიც უკვე 365 დღეა არ წყდება.