ეს იქნება ძალიან საზეიმო და ამავდროულად, სევდიანი დღე - ირმა სოხაძე 28 ნოემბრის აქციაზე
მომღერალი ირმა სოხაძე პირდაპირ ამბობს, რომ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, "წარმოუდგენელი უსამართლობაა". ხელოვანი მიიჩნევს, რომ სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დღეს მოქალაქეები ქუჩაში გავიდნენ.
ირმა სოხაძე ამბობს, რომ დღევანდელი დღე იქნება საზეიმოც და სევდიანიც, რადგან ერთი წლის წინ სწორედ ამ დღეს დაუსვა "ოცნებამ" საქართველოს მოქალაქეების იმედებს წერტილი.
ის, რომ დღეს რაც ხდება, ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა, ახსნა არ აქვს ამას უბრალოდ. რა აიძულებს ჩვენს ხელისუფლებას, რომ მართლა ასეთი შოკირებული, შოკის ეფექტით მოუგოს ომი თავის მოსახლეობის თუნდაც ნახევარს? ეს იქნება ალბათ ძალიან ზეაწეული, ზეიმური, ამავდროულად სევდიანი დღე, იმიტომ, რომ წერტილი დაესვა ამ დღეს ჩვენს იმედებს და ამიტომ ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არ არსებობს ისეთი მდგომარეობა, საიდანაც გამოსავალი არ არის, - ამბობს ირმა სოხაძე.
თბილისში დღეს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა იგეგმება. დაგეგმილია ორი პარალელური მსვლელობა: 19:00 საათზე ერთი კოლონა წამოვა თსუ-ის პირველი კორპუსიდან, ხოლო მეორე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის მხრიდან.
დღევანდელი აქცია დაკავშირებულია იმ განცხადების წლისთავთან, რომელიც ირაკლი კობახიძემ გასულ წელს გააკეთა: „ქართული ოცნება“ 2028 წლამდე არ განიხილავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას.