სააპელაციო სასამართლო სინდისის 11 პატიმრის საქმის განხილვას იწყებს
სააპელაციო სასამართლო სინდისის 11 პატიმრის - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმის განხილვას იწყებს. მოსამართლეთა კოლეგიას თეა ლიონიძე ხელმძღვანელობს. პროცესი სააპელაციოში წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს.
უკვე მსჯავრდადებული პირების მშობლებს, რომლებიც შვილების სანახავად უკვე სააპელაციოში არიან მისულები, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოტანილი განაჩენის შეცვლის მოლოდინი არ აქვთ.
ყველა ინსტანცია მოსინჯული უნდა იყოს, იქნებ გადააფასონ, იქნებ მიხვდნენ, რა ახალგაზრობასთან, რა ბიჭებთან აქვთ საქმე, იქნებ შეეცვალოთ რამე, რაშიც ძალიან ეჭვი მეპარება, მაგრამ ვნახოთ - ამბობს ანდრო ჭიჭინაძის მამა.
ამ მთავრობასთან აზრი არ აქვს არაფერს, იქამდე უნდა ვიბრძოლოთ, სანამ ამათ არ გავუშვებთ მოუსვლელში. ეს მთავრობა უნდა წავიდეს. ეს მთავრობა ერის გასაწყვეტად არის მოსული. ამათ გინდა მინმართე, გინდა არა, არ აქვს მნიშვნელობა", - აცხადესბ "პირველებთან" რეზო კიკნაძის მამა.
ცნობისთვის, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის 11 პატიმარს 3 სექტემბერს ბრალდება გადაუკვალიფიცირა და ყველა მათგანი 2 წლით ციხეში გაუშვა.
- უფრო კონკრეტულად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდება 226-ე მუხლით შეიცვალა - ეს მუხლი გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან ამგვარ ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას. (სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე).
- პროკურატურა ამ დრომდე სინდისის 11 პატიმარს სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სდებდა ბრალს, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. (აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).